
Signal-ის პრეზიდენტმა მერედიტ უიტაკერმა ChatGPT-სა და Claude-ის მსგავსი AI ჩატბოტების კონფიდენციალურობის რისკებზე საუბრისას მკაფიო პოზიცია დააფიქსირა: „ისინი არ არიან თქვენი მეგობრები, არ გააჩნიათ ცნობიერება და არ არიან მოაზროვნე თანამოსაუბრეები“.
Bloomberg-თან ინტერვიუში უიტაკერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგჯერ იყენებს AI ინსტრუმენტებს დოკუმენტების ფორმატირებისთვის, ის თავს არიდებს მათთან კითხვების დასმას. მისი თქმით, მას სურს შეინარჩუნოს აზროვნებისა და წერის პროცესის ავთენტურობა და არ სურს, რომ მისი იდეები ჩამოყალიბდეს სისტემის მიერ, რომელიც მხოლოდ არსებული მონაცემების საშუალო მაჩვენებელს გვთავაზობს.
უიტაკერმა ასევე გააკრიტიკა Microsoft AI-ის აღმასრულებელი დირექტორის, მუსტაფა სულეიმანის ხედვა, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს შეუძლიათ Microsoft Copilot-ს მიანდონ საშობაო საყიდლები. უიტაკერის აზრით, ეს სცენარი, სადაც AI წვდება ოჯახურ ჩატებს, საკრედიტო ბარათებს, ბრაუზერის ისტორიასა და კალენდარს, უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
„თქვენ აღწერთ სისტემას, რომელსაც აქვს ფართო წვდომა მრავალ აპლიკაციასა და სერვისზე“, — განაცხადა უიტაკერმა. „Signal-ის კონტექსტში, ეს ფაქტობრივად „უკანა კარის“ (backdoor) შექმნას ნიშნავს, რაც მომხმარებლის კონფიდენციალურობას სრულად არღვევს“.
წყარო: techcrunch.com






