
წამლების აღმოჩენა თანამედროვე ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროცესია. ერთი სიცოცხლისუნარიანი მოლეკულის პოვნას შეიძლება ათწლეული დასჭირდეს და მილიარდები დაჯდეს, ამასთან კანდიდატების უმეტესობა მაინც წარუმატებელია. AI სტარტაპების თაობამ ამის გამოსწორების პირობა დადო და უმეტესობამ პროცესი მართლაც შეუმსუბუქა მკვლევარებს, რომლებიც უკვე საკმარისად კვალიფიციურები არიან ამ ინსტრუმენტების გამოსაყენებლად.
თუმცა, SandboxAQ თვლის, რომ მთავარი პრობლემა მოდელები კი არა, ინტერფეისია.
კომპანიამ Anthropic-თან ითანამშრომლა, რათა თავისი სამეცნიერო AI მოდელები პირდაპირ Claude-ში გაეერთიანებინა. ეს წამლების აღმოჩენისა და მასალათმცოდნეობის მძლავრ ინსტრუმენტებს სასაუბრო ინტერფეისში აქცევს, რომლის გამოყენებასაც სპეციალიზებული გამოთვლითი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.
დაახლოებით ხუთი წლის წინ დაარსებული SandboxAQ, როგორც Alphabet-ის spinout-ი, თავმჯდომარედ Google-ის ყოფილ CEO-ს, Eric Schmidt-ს ითვლის. კომპანიამ, რომელმაც ინვესტორებისგან 950 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა, სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებები, მათ შორის კიბერუსაფრთხოების ბიზნესიც განავითარა.
რაოდენობრივი მოდელები (LQMs)
SandboxAQ-ის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პროდუქტი დიდი რაოდენობრივი მოდელებია (LQMs). ეს პროპრიეტარული მოდელები "ფიზიკაზეა დაფუძნებული", რაც ნიშნავს, რომ ისინი ფიზიკური სამყაროს წესებზეა აგებული და არა ტექსტურ შაბლონებზე. მათ შეუძლიათ კვანტური ქიმიის გამოთვლების შესრულება და მოლეკულური დინამიკის სიმულირება, რაც მკვლევარებს აჩვენებს, თუ როგორ მოიქცევიან კანდიდატი მოლეკულები ლაბორატორიულ ექსპერიმენტებამდე.
„რეალური ლაბორატორიული მონაცემებითა და სამეცნიერო განტოლებებით დატრენინგებული LQMs არის AI მოდელები რაოდენობრივი ეკონომიკისთვის — $50+ ტრილიონიანი სექტორისთვის, რომელიც მოიცავს ბიოფარმას, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკასა და მოწინავე მასალებს“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Chai Discovery და Isomorphic Labs ფოკუსირებულნი არიან უშუალოდ მეცნიერებაზე, ხოლო SandboxAQ-ის მთავარი მიზანია, გაამარტივოს ამ ტექნოლოგიაზე წვდომა.
„პირველად, ჩვენ გვაქვს მოწინავე რაოდენობრივი მოდელი მოწინავე LLM-ზე, რომელზეც წვდომა ნებისმიერ ადამიანს ბუნებრივი ენით შეუძლია“, — განაცხადა Nadia Harhen-მა, SandboxAQ-ის AI სიმულაციების გენერალურმა მენეჯერმა. მანამდე SandboxAQ-ის მომხმარებლებს მოდელების გასაშვებად საკუთარი ციფრული ინფრასტრუქტურა სჭირდებოდათ.
SandboxAQ-ის მომხმარებლები, ძირითადად, გამოთვლითი მეცნიერები და მკვლევარები არიან მსხვილ ფარმაცევტულ თუ ინდუსტრიულ კომპანიებში. „ისინი ჩვენთან მოდიან, რადგან სხვა პროგრამული უზრუნველყოფა უკვე სცადეს და მათი პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, რეალურ სამყაროში გადატანისას დადებითი შედეგები ვერ მიიღეს“, — დასძინა Harhen-მა.
წყარო: techcrunch.com







