Rocket Lab-მა სატელიტური კომპანია Iridium შეიძინა

კოსმოსური გაშვებების კომპანია Rocket Lab სატელიტური ოპერატორის, Iridium-ის შეძენას გეგმავს. ეს სტრატეგიული ნაბიჯი Rocket Lab-ს საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდეს სრულფასოვან კოსმოსური სერვისების პროვაიდერად და კიდევ უფრო გააძლიეროს ინდუსტრიაში მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესი.

გარიგების პირობების თანახმად, Rocket Lab Iridium-ის აქციებს თითოეულს 54 დოლარად შეისყიდის, რაც კომპანიის საერთო ღირებულებას 8 მილიარდ დოლარად განსაზღვრავს. ეს Rocket Lab-ის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული რიგით მეოთხე მსხვილი შენაძენია. მანამდე კომპანიამ შეიძინა კოსმოსური რობოტიკის ფირმა Motiv, ლაზერული კომუნიკაციების პროვაიდერი Mynaric და კომპონენტების მწარმოებელი საწარმო.

Iridium-ის შეძენა Rocket Lab-ს არა მხოლოდ ორბიტაზე არსებულ ათობით სატელიტზე, არამედ ღირებულ რადიოსიხშირულ სპექტრზეც აძლევს წვდომას. კომპანიის განცხადებით, ისინი გეგმავენ არსებული ქსელის გაფართოებას, ახალ ბაზრებზე გასვლას და ინოვაციური კოსმოსური სერვისების დანერგვას გლობალური მომხმარებლებისთვის.

აღნიშნული ტრანზაქცია კოსმოსურ ინდუსტრიაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური გაერთიანებების ნაწილია. მსგავსი სტრატეგიული ნაბიჯები გადადგეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა Viasat, Lockheed Martin და Amazon, რაც მიუთითებს კოსმოსური ეკონომიკის სწრაფ ტრანსფორმაციასა და კონკურენციის ზრდაზე.

წყარო: techcrunch.com