
Robinhood ამჟამად Twitter-ის მსგავსი სოციალური მედია პლატფორმის, Robinhood Social-ის, ბეტა ტესტირებას ატარებს. ტრეიდინგზე ფოკუსირებული პლატფორმა გასული წლის სექტემბერში კომპანიის HOOD Summit-ზე დაანონსდა, თუმცა ამჟამად ის ღონისძიების 1,000 მონაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. Robinhood-ის განცხადებით, უახლოეს კვირებში ის "დამატებით 10,000 მომხმარებელზე" გავრცელდება.
Robinhood Social-ზე, რომელიც სქრინშოთების მიხედვით ძალიან ჰგავს Twitter-ს ან Threads-ს, მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან პროფილი, გამოაქვეყნონ პოსტები თავიანთი ტრანზაქციების შესახებ და განახორციელონ ტრეიდინგი პირდაპირ თავიანთი feed-იდან. კომპანია ბეტა ტესტირების პერიოდში დამატებითი ფუნქციების ჩაშვებასაც გვპირდება, მათ შორის იქნება სიახლეების feed და "ინსაიდერების, ჰეჯ-ფონდებისა და პოლიტიკოსების გამოწერის (follow) შესაძლებლობა".
Robinhood მიზნად ისახავს Robinhood Social-ის ბეტა ვერსიიდან "რაც შეიძლება მალე" გამოსვლას.
"აქტიური ტრეიდერებისგან პირდაპირ მოვისმინეთ, რომ ისინი ბაზარზე ორიენტაციისთვის ძირითადად სოციალურ მედიას ეყრდნობიან," აცხადებენ Robinhood-ში. "თუმცა დღევანდელ რეალობაში, იმაზე რთულია ვიდრე ოდესმე, გაიგო რა არის ნამდვილი და რა არა. ვიმედოვნებთ, რომ ამას Robinhood Social-ით შევცვლით, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიწერონ სხვა Robinhood ტრეიდერები, გაცვალონ სტრატეგიები, განიხილონ ბაზრის მოძრაობები და ივაჭრონ მკაფიოდ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომხმარებლის თითოეული პროფილი ეკუთვნის რეალურ პიროვნებას, რომელიც ვერიფიცირებულია KYC-ის მეშვეობით."
წყარო: theverge.com



