Rivian-მა ჯორჯიის შტატის ქარხნისთვის DOE-ს სესხი $4.5 მილიარდამდე შეამცირა

Rivian-მა გადახედა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტთან (DOE) გაფორმებულ სასესხო შეთანხმებას და ჯორჯიის შტატში ახალი ქარხნის ასაშენებლად $4.5 მილიარდის სესხებას გეგმავს. ეს მაჩვენებელი ნაკლებია თავდაპირველად გათვალისწინებულ $6.6 მილიარდზე.

კომპანიის განცხადებით, სესხის გამოყენებას დაგეგმილზე ადრე, 2027 წლის დასაწყისში დაიწყებს. ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე 200,000-დან 300,000 ავტომობილამდე გაიზრდება, რაც 50%-იანი ზრდაა და დაეხმარება კომპანიას შეამციროს დანახარჯები ერთეულზე. ამავდროულად, ტერიტორია სამომავლო გაფართოების საშუალებას იძლევა.

წარსულში Rivian აცხადებდა, რომ ქარხნის ჯამური წარმადობა 400,000 ავტომობილი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპის სიმძლავრე გაიზარდა, კომპანიას მეორე ეტაპის გეგმებზე დეტალები არ გაუსაჯაროებია. ფინანსურმა დირექტორმა, კლერ მაკდონაჰმა (Claire McDonough) აღნიშნა, რომ $4.5 მილიარდიანი დაფინანსება კრიტიკულია Rivian-ის ჯამური წარმადობის 515,000 ერთეულამდე გასაზრდელად. ილინოისის ქარხანას 215,000 ავტომობილის წარმოების რესურსი აქვს.

ჯორჯიის ქარხნის წარმადობის ნაწილი მოხმარდება Uber-ისთვის R2 robotaxis წარმოებას. შეთანხმების მიხედვით, Uber თავდაპირველად $300 მილიონს აბანდებს Rivian-ში და გეგმავს 10,000 სრულად ავტონომიური R2-ის შეძენას 2028 წლისთვის. ჯამში, 2031 წლამდე, კომპანია $1.25 მილიარდამდე ინვესტიციას გეგმავს.

რაც შეეხება ფინანსურ შედეგებს, Rivian-ის შემოსავალმა კვარტალში $1.38 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ $416 მილიონიანი ზარალი განიცადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($541 მლნ) შემცირებულია. საოპერაციო და R&D ხარჯები გაიზარდა, ხოლო თავისუფალი ფულადი ნაკადი (free cash flow) უარყოფითია და $1 მილიარდს შეადგენს.

წყარო: techcrunch.com