Rednote: საზღვარი ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის

ჩინური აპლიკაცია Rednote, რომელმაც შარშან, "TikTok-ის დევნილების" ტრენდის დროს მოიპოვა პოპულარობა, გლობალური სოციალური მედიის გიგანტად ქცევას გეგმავს. გაფართოებასთან ერთად, კომპანია ჩინელი და საერთაშორისო მომხმარებლების გამიჯვნას ცდილობს.

Rednote-მა ახლახან აამოქმედა Rednote.com, ახალი დომენი მისი საერთაშორისო ბიზნესისთვის, და მომხმარებლების ნაწილი თავდაპირველი ჩინური Xiaohongshu.com-დან იქ გადაამისამართა. კომპანიამ ასევე ორი განსხვავებული მომსახურების პირობა (Terms of Service) შეიმუშავა ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლებისთვის.

2013 წელს დაარსების შემდეგ, Rednote ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პლატფორმად იქცა და 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში მოგზაურობისა და ლაიფსტაილ-კონტენტის გასაზიარებლად. 2025 წლის იანვარში, აშშ-ში TikTok-ის დროებითი აკრძალვის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო გლობალიზაციის სტრატეგიის დანერგვა და ამჟამად აშშ-ში რეგიონული ოფისების გახსნას გეგმავს.

კორპორატიული სტრუქტურის ცვლილებები

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს „Rednote“-ის, როგორც ცალკეული კორპორატიული სუბიექტის ჩამოყალიბებაზე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. მისმა ჩინურმა მშობელმა კომპანიამ, Xiaohongshu-მ 2025 წლის შუა პერიოდში სინგაპურში დაარეგისტრირა Rednote Technology PTE LTD. ამასთანავე, საერთაშორისო მონაცემები სინგაპურის სერვერებზე ინახება.

დღევანდელ პოლიტიკურ და მარეგულირებელ გარემოში, მონაცემთა გამიჯვნის გარეშე, ჩინური სოციალური პლატფორმისთვის გლობალურად ოპერირება თითქმის შეუძლებელია. პეკინიც და დასავლეთის მთავრობებიც მკაცრად აკონტროლებენ მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონტენტის მოდერაციას. მსგავსი სტრატეგია უკვე გამოიყენეს ByteDance-მა (TikTok და Douyin) და Tencent-მა (WeChat და Weixin).

მომხმარებელთა სეგმენტაცია

იურიდიული და კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, Rednote მომხმარებლების გამიჯვნას უკვე აქტიურად ახდენს. საერთაშორისო ვერსია 13 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებზეა გათვლილი, ხოლო ჩინური - 18. კონტენტის მოდერაციაც განსხვავებულია: ჩინურ ვერსიაში პოლიტიკურ კონტენტზეა შეზღუდვა, უცხოურში კი - დისკრიმინაციაზე.

ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მათი ანგარიშები ავტომატურად გადაიყვანეს საერთაშორისო ვერსიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ტელეფონის ნომრით იყვნენ დარეგისტრირებული, სავარაუდოდ, არაჩინური IP მისამართის გამოყენების გამო.

უსაფრთხოების გამოწვევები

გლობალურ ბაზარზე გასვლისას Rednote აშკარად WeChat-ისა და TikTok-ის გამოცდილებას იყენებს. ექსპერტების აზრით, ასეთმა შერეულმა მოდერაციამ შეიძლება მომხმარებლებში უნდობლობა გამოიწვიოს, რადგან მათ არ ეცოდინებათ, რამდენად კონტროლდება ან ცენზურის ქვეშ ექცევა მათი მონაცემები.

წყარო: wired.com