
Reddit-ი, რომელიც წლების განმავლობაში Google-ის საძიებო სისტემიდან მილიონობით მომხმარებელს იზიდავდა, სტრატეგიას ცვლის. AI-ზე დაფუძნებული ძიების განვითარებასთან ერთად, საძიებო ტრაფიკი მცირდება, რის გამოც კომპანია პლატფორმის მუშაობის პრინციპს გადახედავს. მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Reddit-ი მომხმარებლებისთვის ძირითადად ავტორიზებულ (logged-in) რეჟიმზე გადასვლას გეგმავს.
ეს ნაბიჯი ორ მიზანს ემსახურება: პირველი, მონაცემების დაცვა AI-ს მიერ მათი უკონტროლო სკრაპინგისგან, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, მონაცემთა ლიცენზირების მომგებიანი გარიგებები გააფორმოს. მეორე, ეს ცვლილება დაეხმარება Reddit-ს შემოსავლების ზრდაში, განსაკუთრებით აშშ-ის ბაზარზე აქტიური მომხმარებლების რაოდენობის კლების ფონზე.
Reddit-ის მონაცემებით, ოქტომბერში საძიებო სისტემებიდან მიმართვების რაოდენობა კვირაში საშუალოდ 1 მილიონით შემცირდა. კომპანია აფრთხილებს ინვესტორებს, რომ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იკლოს. მიუხედავად ამისა, Reddit-მა ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება შეძლო: შემოსავალი წლიურად 53%-ით, 895 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგებამ 283 მილიონი დოლარი შეადგინა.
ავტორიზებულ რეჟიმზე გადასვლა რეკლამის განმთავსებლებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის პლატფორმას, რადგან რეგისტრირებული მომხმარებლები მეტ ინფორმაციას აწვდიან სისტემას საკუთარი ინტერესების შესახებ. ეს კი საშუალებას იძლევა, რეკლამა უფრო ზუსტად იყოს მიზანმიმართული. Reddit-ის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, Steve Huffman-ის თქმით, ეს რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა პლატფორმის მომავლისთვის.
კომპანია ცვლილებებს ეტაპობრივად განახორციელებს და თავდაპირველად ტესტირებას აშშ-ის გარეთ, შერჩეულ ბაზრებზე დაიწყებს. Reddit-ი ხაზს უსვამს, რომ ავტორიზაცია არ ნიშნავს ანონიმურობის სრულ დაკარგვას და მომხმარებლებს კვლავ ექნებათ ანონიმური დათვალიერების შესაძლებლობა.
წყარო: techcrunch.com






