
თერმობირთვული ენერგიის სტარტაპებისთვის მთავარი გამოწვევა უკვე გადალახულია: 2022 წლის ისტორიული ექსპერიმენტის შემდეგ დადასტურდა, რომ კონტროლირებად თერმობირთვულ რეაქციებს შეუძლიათ მეტი ენერგიის გამომუშავება, ვიდრე თავად მოიხმარენ. ახლა კომპანიების მიზანია დაამტკიცონ, რომ მათი რეაქტორები კომერციულად მომგებიანი ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებენ.
ტრადიციული მეთოდის ნაცვლად, რომელიც სითბოს გამოყენებით ორთქლის ტურბინების ამუშავებას გულისხმობს, ვისკონსინში დაფუძნებულმა სტარტაპმა Realta Fusion-მა აირჩია უფრო ეფექტური გზა: ელექტროენერგიის პირდაპირი მიღება თერმობირთვული რეაქციიდან. 19 ივნისს ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, კომპანიამ საკუთარი მოწყობილობის, WHAM-ის მეშვეობით, პირდაპირ მიღებული ენერგიით ნათურის ანთება შეძლო.
Realta Fusion-ის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, კირან ფერლონგის თქმით, პირდაპირი კონვერტაციის ეფექტურობა დაახლოებით 90%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვე ატომური რეაქტორების ორთქლის ტურბინების 33%-იან მაჩვენებელს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, გამომუშავებული ენერგიის ნაწილი რეაქტორის პლაზმის გასაცხელებლად ხელახლა იქნას გამოყენებული.
კომპანიის გათვლებით, ასეთი ცირკულარული მიდგომა კომერციული ელექტროსადგურის საერთო გამომუშავებას 20-30%-ით გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კონვერტაციის ტექნოლოგიით სხვა მოთამაშეებიც, მათ შორის სემ ალტმანის მიერ მხარდაჭერილი Helion-იც ინტერესდებიან, Realta Fusion პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც ეს მიღწევა საჯაროდ დაადასტურა.
Realta Fusion-მა 2025 წელს Future Ventures-ის ლიდერობით 36 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და ამჟამად დაფინანსების ახალ რაუნდზე მუშაობს.
წყარო: techcrunch.com






