Pentagon-მა Nvidia-სთან, Microsoft-სა და AWS-თან საიდუმლო ქსელებში AI-ის დანერგვის ხელშეკრულებები გააფორმა

Google-თან, SpaceX-სა და OpenAI-სთან შეთანხმებების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გააფორმა ხელშეკრულებები Nvidia-სთან, Microsoft-თან, Amazon Web Services (AWS)-სა და Reflection AI-სთან. ეს შეთანხმება პენტაგონს საშუალებას მისცემს, აღნიშნული კომპანიების AI ტექნოლოგიები და მოდელები საკუთარ საიდუმლო ქსელებში, „კანონიერი ოპერატიული მიზნებისთვის“ დანერგოს.

„ეს შეთანხმებები აჩქარებს აშშ-ის არმიის ტრანსფორმაციას AI-ზე ორიენტირებულ (AI-first) საბრძოლო ძალად და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი სამხედროების უპირატესობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ომის ყველა დომენში,“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა AI მომწოდებლების დივერსიფიკაცია Anthropic-თან AI მოდელების გამოყენების პირობებზე დავის შემდეგ დააჩქარა. Pentagon-ს Anthropic-ის AI ინსტრუმენტების შეუზღუდავი გამოყენება სურდა, თუმცა კომპანიამ მასობრივი თვალთვალისა და ავტონომიური იარაღის შესაქმნელად ტექნოლოგიის გამოყენებაზე შეზღუდვები მოითხოვა. ამჟამად მხარეებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.

„დეპარტამენტი გააგრძელებს ისეთი არქიტექტურის მშენებლობას, რომელიც თავიდან აიცილებს ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულებას (vendor lock-in) და უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გრძელვადიან მოქნილობას,“ - აცხადებს პენტაგონი.

DOD-ის ცნობით, კომპანიების AI აპარატურა და მოდელები განთავსდება Impact Level 6 (IL6) და Impact Level 7 (IL7) გარემოებში. ეს მიზნად ისახავს მონაცემთა სინთეზის გამარტივებას, სიტუაციური აღქმის ამაღლებასა და სამხედროების გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. აღნიშნული დონეები ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემებისთვის უსაფრთხოების უმაღლეს კლასიფიკაციას წარმოადგენს, რაც მკაცრ ფიზიკურ და წვდომის კონტროლს მოითხოვს.

პენტაგონის ინფორმაციით, DOD-ის 1.3 მილიონზე მეტმა თანამშრომელმა უკვე გამოიყენა გენერაციული AI-ის უსაფრთხო პლატფორმა GenAI.mil. პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს წვდომას LLM-ებსა და სხვა AI ინსტრუმენტებზე უსაფრთხო cloud გარემოში, ძირითადად არასაიდუმლო ამოცანებისთვის, როგორიცაა კვლევა, დოკუმენტების შედგენა და მონაცემთა ანალიზი.

წყარო: techcrunch.com