PayPal-ის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები Stripe-სა და Advent-თან აქტიურ ფაზაშია

PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენრიკე ლორესის მიერ შემუშავებული კომპანიის რეორგანიზაციის გეგმა შესაძლოა თავად PayPal-ის გაყიდვასაც მოიცავდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები Stripe-სა და კერძო კაპიტალის გიგანტ Advent-თან კვლავ მიმდინარეობს.

პირველად ეს საკითხი ივლისში გახდა ცნობილი, როდესაც Stripe-მა და Advent-მა PayPal-ის შესყიდვა აქციაზე 60.50 დოლარად შესთავაზეს, რაც კომპანიის ღირებულებას 53 მილიარდ დოლარად აფასებდა. მაშინ PayPal-მა შეთავაზება უარყო, თუმცა, Wall Street Journal-ის ცნობით, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და შესაძლოა, უახლოეს კვირებში შეთანხმება შედგეს.

აღსანიშნავია, რომ ენრიკე ლორესი, რომელიც კომპანიას მარტში შეუერთდა, PayPal-ის პოზიციების გამყარებას ცდილობს. აპრილში მან რეორგანიზაციის გეგმა წარადგინა, რომელიც ბიზნესის სამ ოპერაციულ მოდელად დაყოფას გულისხმობს: checkout გადაწყვეტილებები და PayPal, სამომხმარებლო ფინანსური სერვისები (მათ შორის Venmo) და საგადახდო სერვისები კრიპტოვალუტებთან ერთად. ლორესის სტრატეგია ასევე მოიცავს ხარჯების შემცირებას, რაც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობის 20%-ით შემცირებას გულისხმობს.

1998 წელს დაარსებული PayPal, რომლის სათავეებთანაც პიტერ თილი, ილონ მასკი და მაქს ლევჩინი იდგნენ, პანდემიის პერიოდში ელექტრონული კომერციის ბუმის ფონზე სწრაფად გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებში კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

წყარო: techcrunch.com