
OpenAI-მ პრინსტონის მოწინავე კვლევების ინსტიტუტთან (Institute for Advanced Study) თანამშრომლობით ახალი დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭო დააფუძნა. „მათემატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველთა ჯგუფი“ მიზნად ისახავს მათემატიკოსთა ჩართულობის გაზრდას კომპანიის კვლევით პროცესებში.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც OpenAI-მ Navier-Stokes-ის „ათასწლეულის პრიზის“ ამოცანის გადაჭრის შესახებ გამოაცხადა. კომპანიის მტკიცებით, მათმა შიდა მოდელმა უკვე 100-ზე მეტი სხვა ღია მათემატიკური პრობლემა გადაჭრა. ეს მიღწევები აკადემიურ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა: 25-მა ფილდსის მედლის მფლობელმა მათემატიკოსმა ღია წერილით გააპროტესტა AI ლაბორატორიების მიერ მათემატიკური კვლევების დაჩქარებული ტემპი, რაც, მათი აზრით, ინტელექტუალურ საქმიანობას საფრთხეს უქმნის.
ახალი საბჭო სათათბირო ორგანოს ფუნქციას შეასრულებს: წევრები შეაფასებენ ახალი შედეგების მნიშვნელობას და კოორდინაციას გაუწევენ მათ გასაჯაროებას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრებს აქვთ დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი და შეუძლიათ საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მათ არ აქვთ უფლებამოსილება, შეანელონ ან შეცვალონ OpenAI-ს კვლევითი მიმართულებები. როგორც პრინსტონის ინსტიტუტმა განაცხადა, საბჭო არ აგებს პასუხს კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
საბჭოს პირველად შემადგენლობაში ცხრა ცნობილი მათემატიკოსი შევიდა, თუმცა მათ შორის მხოლოდ ერთია ისეთი მეცნიერი, რომელმაც მანამდე AI ლაბორატორიების წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკულ წერილს მოაწერა ხელი.
წყარო: techcrunch.com






