
სამშაბათს OpenAI-მ ახალი საბაზისო მოდელი, GPT-5.5 Instant გამოუშვა, რომელიც ChatGPT-ის ნაგულისხმევი (default) მოდელის რანგში GPT-5.3 Instant-ს ჩაანაცვლებს. კომპანიის განცხადებით, ახალი მოდელი ამცირებს ჰალუცინაციებს ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა სამართალი, მედიცინა და ფინანსები, ამასთანავე ინარჩუნებს წინამორბედის დაბალ დაყოვნებას (latency).
ახალმა მოდელმა AIME 2025-ის მათემატიკურ ტესტში 81.2 ქულა მიიღო (ძველი მოდელის 65.4 ქულასთან შედარებით). მან ასევე აჯობა წინამორბედს MMMU-Pro მულტიმოდალური მსჯელობის ბენჩმარკში, სადაც 69.2-ის ნაცვლად 76 ქულა დააგროვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონტექსტის მართვას. GPT-5.5 Instant-ს შეუძლია გამოიყენოს ძიების ინსტრუმენტი წარსული საუბრების, ფაილებისა და Gmail-ის მოსაძიებლად, რათა უფრო პერსონალიზებული პასუხები მოგაწოდოთ. ეს ფუნქცია თავდაპირველად Plus და Pro მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ვებ-ვერსიაში, მობილურ მოწყობილობებზე დამატების პერსპექტივით. უახლოეს კვირებში წვდომა Free, Go Business და Enterprise მომხმარებლებზეც გავრცელდება.
ამ განახლებით, ChatGPT ყველა მოდელში აჩვენებს მეხსიერების წყაროებს, რათა დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ საიდან გენერირდა პასუხი. მომხმარებლებს შეეძლებათ მოძველებული წყაროების წაშლა ან შესწორება. რაც მთავარია, სხვასთან ჩატის გაზიარების შემთხვევაში, მეხსიერების წყაროები მესამე პირისთვის ხილული არ იქნება.
დეველოპერებისთვის GPT-5.5 მოდელი API-ის საშუალებით „chat-latest“-ის სახელით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ძველი 5.3 ვერსია ფასიანი მომხმარებლებისთვის მხოლოდ სამი თვის განმავლობაში დარჩება.
კომპანიას წარსულში მოდელების გაუქმების გამო მომხმარებელთა კრიტიკასთან გამკლავება მოუწია. მაგალითად, 2026 წლის თებერვალში GPT-4o-ს გაუქმებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან მომხმარებელთა ნაწილი მოდელის „პიროვნებას“ და მასთან კომუნიკაციის სტილს იყო მიჩვეული.
წყარო: techcrunch.com







