
Bloomberg News-ის ცნობით, OpenAI Apple-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას განიხილავს. კომპანია უკმაყოფილოა ChatGPT-ის ინტეგრაციით, რომელმაც მოსალოდნელი რაოდენობის გამომწერები და შემოსავალი ვერ მოიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-მ უკვე დაიქირავა გარე იურიდიული ფირმა. შესაძლოა, Apple-ს კონტრაქტის დარღვევის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნოს, თუმცა სრულმასშტაბიანი სასამართლო დავა, სავარაუდოდ, Elon Musk-თან მიმდინარე პროცესის დასრულებამდე არ დაიწყება.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა რთულ პარტნიორს წარმოადგენს Apple მსხვილი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებისთვის. iPhone-ის ეკოსისტემა ზრდისთვის მიმზიდველი პლატფორმაა, მაგრამ ის სრულად Apple-ის კონტროლქვეშაა.
პარტნიორობა, რომელმაც არ გაამართლა
OpenAI-ისა და Apple-ის თანამშრომლობა 2024 წლის ივნისში დაანონსდა. ის ChatGPT-ის Siri-სა და iPhone-ის Visual Intelligence ფუნქციებში ინტეგრაციას გულისხმობდა. OpenAI მოელოდა, რომ ეს გარიგება მილიარდობით დოლარის ახალ გამოწერებს მოიტანდა. რეალობაში კი, კომპანიის განცხადებით, ინტეგრაცია შეუმჩნეველი დარჩა და ფუნქციების პოვნა გართულდა.
თავის მხრივ, პრეტენზიები აქვს Apple-საც. კომპანია წუხს OpenAI-ის კონფიდენციალურობის სტანდარტებზე და უკმაყოფილოა AI სტარტაპის ძალისხმევით hardware მიმართულებით, რომელსაც Apple-ის ყოფილი დიზაინერი Jony Ive ხელმძღვანელობს.
ისტორიული პარალელები
OpenAI არ არის პირველი, ვინც Apple-თან პარტნიორობას ნანობს. მსგავსი ბედი ეწია Google Maps-ს, რომელიც 2012 წელს Apple Maps-ით ჩაანაცვლეს. ასევე, Adobe-ს, როდესაც Steve Jobs-მა უარი თქვა Flash-ის მხარდაჭერაზე, და Spotify-ს, რომელიც წლების განმავლობაში ადანაშაულებდა Apple-ს App Store-ის არაკეთილსინდისიერ მართვაში (რაზეც ევროკომისიამ Apple თითქმის 1.8 მილიარდი ევროთი დააჯარიმა).
პარალელურად, OpenAI-ის ურთიერთობები სხვა პარტნიორებთანაც დაძაბულია. ილონ მასკის სასამართლო დავის გარდა, კომპანიას უთანხმოებები აქვს თავის მთავარ მხარდამჭერთან და ინფრასტრუქტურულ პარტნიორთან, Microsoft-თან, რადგან ის IPO-სთვის მზადების პროცესში მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს.
წყარო: techcrunch.com







