NASA-მ 2028 წლის მარსის მისიისთვის ერიკ შმიდტის კომპანია შეარჩია

Relativity Space, რაკეტების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი ხელმძღვანელობს, NASA-ს მიერ 2028 წელს მარსზე გასაგზავნი Aeolus-ის მისიის პარტნიორად შეირჩა. საჯარო და კერძო სექტორის ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, Relativity Space უზრუნველყოფს კოსმოსურ ხომალდს, რაკეტას და ფრენის ოპერაციებს. მისიის მიზანი მარსის ატმოსფეროს, კერძოდ კი ქარების, ტემპერატურის, მტვრისა და ღრუბლების ყოველდღიური მონიტორინგია.

Aeolus-ის ბორტზე განთავსებული ოთხი ინსტრუმენტი მარსის ატმოსფეროს დეტალურად შეისწავლის. NASA-ს განცხადებით, ეს მონაცემები გადამწყვეტი იქნება კოსმოსური ხომალდების დაშვების სისტემების დახვეწისა და ასტრონავტების მომავალი მისიების უსაფრთხო დაგეგმვისთვის.

ერიკ შმიდტი, რომელიც 2001-2011 წლებში Google-ს მართავდა, Relativity Space-ის აღმასრულებელი დირექტორი 2025 წელს გახდა. კომპანიამ სახელი გაითქვა მსოფლიოში პირველი 3D-პრინტერით დაბეჭდილი რაკეტის, Terran 1-ის შექმნით, თუმცა მისი პირველი გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად კომპანია უფრო მასშტაბური რაკეტის, Terran R-ის გაშვებისთვის ემზადება, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

წყარო: theverge.com