
კიბერუსაფრთხოებაზე ახალი AI მოდელების გავლენის შესახებ მწვავე დებატების ფონზე, Mozilla-მ განაცხადა, რომ Firefox 150-ის ახალ ვერსიაში Anthropic-ის Mythos Preview-ს დახმარებით აღმოჩენილი 271 მოწყვლადობა გამოასწორა. Firefox-ის გუნდის თქმით, ახალი AI ინსტრუმენტების მიერ აღმოჩენილი ხარვეზების მასასთან გამკლავება დიდ რესურსებს მოითხოვს, თუმცა ეს აუცილებელია მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის, რადგან მსგავსი შესაძლებლობები მალე ჰაკერების ხელშიც აღმოჩნდება.
ბოლო კვირებში Anthropic-მა და OpenAI-მ ახალი AI მოდელები დააანონსეს, რომლებსაც კომპანიების განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით მოწინავე შესაძლებლობები აქვთ. ამან შესაძლოა ძირეულად შეცვალოს პროგრამულ სისტემებში მოწყვლადობების ძიების გზები. Mozilla-ს გამოცდილება აჩვენებს, რომ Mythos Preview-ს მსგავს AI ინსტრუმენტებს ამ კუთხით უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
„ჩვენი რწმენით, ამ ინსტრუმენტებმა ვითარება დრამატულად შეცვალა, რადგან ახლა გვაქვს ავტომატიზებული ტექნიკები, რომლებსაც მოწყვლადობების სრული სპექტრის დაფარვა შეუძლიათ“, — აცხადებს Firefox-ის ტექნოლოგიური დირექტორი ბობი ჰოლი.
ჰოლის თქმით, AI შესაძლებლობები შექმნის ერთგვარ ბანაკს, რომლის გავლაც ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას მოუწევს ფარული ხარვეზების აღმოსაჩენად. „ყველა პროგრამულმა უზრუნველყოფამ უნდა გაიაროს ეს ტრანზიცია, რადგან თითოეულ მათგანში ბევრი ფარული ხარვეზია, რომელთა აღმოჩენაც უკვე შესაძლებელია“.
ახალი AI შესაძლებლობები განსაკუთრებულ გავლენას open source (ღია კოდის) პროექტებზე მოახდენს. Mozilla-ს ტექნოლოგიური დირექტორის, რაფი კრიკორიანის თქმით, არსებობს რისკი, რომ დიდი რესურსების მქონე ორგანიზაციები პირველები მიიღებენ და გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიებს თავდასაცავად, ხოლო მცირე და open source პროექტები მოწყვლადი დარჩებიან.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, Firefox-ის გუნდი ღია კოდის ეკოსისტემაში სხვადასხვა დეველოპერებთან და გუნდებთან თანამშრომლობს ცოდნისა და ინსტრუმენტების გასაზიარებლად. ჰოლის თქმით, „ტექნოლოგიით მასშტაბირებას საზღვრები აქვს — აუცილებელია, რომ ინდუსტრია და ყველა დაინტერესებული მხარე გაერთიანდეს“.
წყარო: wired.com







