
ფრანგულმა AI ლაბორატორიამ, Mistral AI-მა, 3 მილიარდი ევროს (დაახლოებით 3.58 მილიარდი დოლარი) მოზიდვის შესახებ განაცხადა. კომპანიის საბაზრო შეფასებამ 21 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც ევროპული ტექნოლოგიური კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. რაუნდს სათავეში Samsung Electronics ჩაუდგა, მასთან ერთად კი EQT-ის Scaleup Europe Fund და PSG Equity მონაწილეობდნენ.
მოზიდული კაპიტალი კომპანიას გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. Mistral-ის სტრატეგია მკვეთრად განსხვავდება OpenAI-სა და Anthropic-ის მიდგომებისგან: კომპანია არ ცდილობს „ევროპული ChatGPT-ის“ შექმნას, არამედ ფოკუსირებულია სუვერენულ AI-ზე, რომელიც მთავრობებსა და კორპორაციებს მონაცემებზე სრულ კონტროლს სთავაზობს.
Mistral-ის მიზანია, შეამციროს ევროპის დამოკიდებულება ამერიკულ ტექნოლოგიებზე. კომპანია გეგმავს 2030 წლისთვის ევროპაში 1 გიგავატი სიმძლავრის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის აშენებას. გარდა ამისა, Mistral-მა დანერგა ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ, სად დამუშავდება მათი AI მოთხოვნები, რაც მონაცემთა უსაფრთხოების კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ Mistral-ს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს Microsoft-თან და მის ინვესტორებს შორის ისეთი ამერიკული გიგანტები არიან, როგორებიცაა Nvidia და Salesforce, კომპანია ინარჩუნებს დამოუკიდებელ პოზიციას. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეს ინვესტიცია საფრანგეთისა და სამხრეთ კორეის საერთო ხედვას ასახავს, რაც AI-ის განვითარების „მესამე გზის“ ჩამოყალიბებას გულისხმობს.
წყარო: techcrunch.com






