
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი Midjourney ჰოლივუდის სამ მსხვილ სტუდიასთან მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში ცდილობს, მათგან საკუთარი AI-ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის გასაჯაროება მოითხოვოს.
Disney-მ, Universal-მა და მოგვიანებით Warner Bros.-მა Midjourney-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლეს. სტუდიების მტკიცებით, სტარტაპის მოდელებს შეუძლიათ შექმნან ისეთი პერსონაჟების გამოსახულებები, როგორებიც არიან ბარტ სიმპსონი ან დართ ვეიდერი. თავის მხრივ, Midjourney აცხადებს, რომ საავტორო უფლებებით დაცული პერსონაჟების მონაცემებზე მოდელების წვრთნა „სამართლიანი გამოყენების“ (fair use) პრინციპში ჯდება.
ამჟამინდელი დავა ეხება იმ დოკუმენტაციას, რომელიც სტუდიებმა სასამართლო პროცესის დროს უნდა წარადგინონ. მოსამართლემ მანამდე დაადგინა, რომ სტუდიებს ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაეზიარებინათ, თუ მათი AI-ის გამოყენება „მომხმარებელზე ორიენტირებულ“ ვიზუალურ კონტენტს უკავშირდებოდა. Midjourney ამ შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს და აცხადებს, რომ ეს სტუდიებს საშუალებას აძლევს, შერჩევითად წარმოადგინონ დოკუმენტები.
სტარტაპის არგუმენტით, სტუდიები მალავენ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ისინი თავად აკეთებენ იმავეს, რის გამოც Midjourney-ს ედავებიან. კერძოდ, თუ სტუდიები შიდა საჭიროებისთვის, მაგალითად, სთორიბორდინგისთვის იყენებენ AI-ს, ეს დაამტკიცებს, რომ ინდუსტრიაში ლიცენზირებული კონტენტის გამოყენება AI-ის წვრთნისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
გარდა ამისა, Midjourney მოითხოვს, რომ სტუდიებმა გაამჟღავნონ ყველა ის „პრომპტი“ (prompt), რომელიც მათ პლატფორმაზე გამოიყენეს და არა მხოლოდ ის, რამაც სავარაუდოდ საავტორო უფლებების დარღვევა გამოიწვია. სტუდიების ადვოკატები ამ მოთხოვნას „თევზაობას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა ტექნოლოგიის შეჩერება, არამედ საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების უკანონო კოპირების აღკვეთაა.
წყარო: techcrunch.com






