
Microsoft-მა Windows-ის, Office-ისა და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტებისთვის უსაფრთხოების განახლებების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა. კომპანიის განცხადებით, ხარვეზების აღმოჩენის პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ყოველთვიური „Patch Tuesday“-ს ფარგლებში, ტექნოლოგიურმა გიგანტმა 570 უსაფრთხოების ხარვეზი აღმოფხვრა. მათ შორის ორი „zero-day“ ტიპის დაუცველობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაკერებმა მათი გამოყენება Microsoft-ის ინფორმირებამდე მოახერხეს. ერთ-ერთი ხარვეზი Windows Server-ს ეხება და თავდამსხმელებს სისტემური ადმინისტრატორის უფლებების მოპოვების საშუალებას აძლევს, ხოლო მეორე SharePoint-ის სერვერში არსებული სისუსტეა, რომელსაც, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო CISA-ს ცნობით, ჰაკერები აქტიურად იყენებდნენ.
Microsoft-ის Windows-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, პავან დავულურიმ აღნიშნა, რომ AI-ის დახმარებით კომპანია უფრო მეტ პრობლემას პოულობს, შესაბამისად, მომხმარებლები მომავალშიც იხილავენ უსაფრთხოების განახლებების გაზრდილ მოცულობას. თანამედროვე AI მოდელები ეფექტურად აანალიზებენ ათწლეულების წინანდელ კოდებსაც კი, რაც აქამდე უცნობი და „მიძინებული“ სისუსტეების გამოვლენის საშუალებას იძლევა.
წყარო: techcrunch.com





