Meta-ს ისტორიული წაგება სასამართლოში, შესაძლოა, $375 მილიონზე ბევრად ძვირი დაუჯდეს

ახალი მექსიკის გენერალურმა პროკურორმა, Raúl Torrez-მა Meta-ს წინააღმდეგ ბავშვთა უსაფრთხოების საქმეზე მიმდინარე წელს ისტორიული მოცულობის ჯარიმა — $375 მილიონი მოიპოვა. თუმცა, დავის შემდეგი ეტაპი Meta-სთვის და ზოგადად, სოციალური მედიის ინდუსტრიისთვის შესაძლოა კიდევ უფრო გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

სამკვირიან სასამართლო პროცესზე გენერალური პროკურორი მოსამართლისგან Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ალგორითმებსა და ფუნქციონალში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მოითხოვს. მოთხოვნებს შორისაა მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაცია, 18 წლამდე პირთათვის end-to-end შიფრაციის (encryption) აკრძალვა, თვეში გამოყენების 90-საათიანი ლიმიტის დაწესება, ისეთი ფუნქციების შეზღუდვა, როგორიცაა infinite scroll და autoplay, ასევე — ბავშვთა ექსპლუატაციის მასალების (CSAM) 99%-ის გამოვლენის ვალდებულება.

„ჩვენი მიზანი თავიდანვე კომპანიის ბიზნეს მოდელის შეცვლა იყო,“ — აცხადებს Torrez-ი. „მესმის, რომ ამ მასშტაბის კომპანიისთვის $375 მილიონიც კი არ არის საკმარისი რადიკალური ცვლილებებისთვის. ბევრი მათგანი ამას უბრალოდ ბიზნესის კეთების თანმდევ ხარჯად აღიქვამს.“

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ახალ მექსიკაში იმოქმედებს, Meta-მ გამარტივების მიზნით შესაძლოა ეს ცვლილებები სხვა შტატებზეც გაავრცელოს. მეორე მხრივ, კომპანია იმუქრება, რომ შესაძლოა ამ შტატში სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყვიტოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მკაფიო სიგნალი სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომ სასამართლოები მზად არიან მათ ბიზნეს მოდელებში ჩაერიონ.

რას ნიშნავს ეს ინდუსტრიისთვის?

ბევრი მოთხოვნა, მათ შორის ასაკის ვერიფიკაცია, Meta-სგან პირადი მონაცემების კიდევ უფრო მასშტაბურ შეგროვებას მოითხოვს, რასაც კონფიდენციალურობის დამცველები აკრიტიკებენ. ექსპერტების აზრით, Facebook-ზე შიფრაციის აკრძალვა უბრალოდ სხვა, ნაკლებად კონტროლირებად პლატფორმებზე გადაისვრის ახალგაზრდა მომხმარებლებს.

Meta-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გენერალური პროკურორის მოთხოვნები არარეალისტურია და თავად ქმნის დამატებით საფრთხეებს. კომპანიის პოზიციით, შეუძლებელია CSAM მასალების 99%-იანი აღმოჩენის დამტკიცება, რადგან უცნობია საერთო რაოდენობა. Meta-ს სპიკერის თქმით, შტატის სტრატეგია მცდარია, რადგან ის მხოლოდ ერთ პლატფორმაზე ფოკუსირდება და უგულებელყოფს ასობით სხვა აპლიკაციას, რომლებსაც თინეიჯერები ყოველდღიურად იყენებენ.

მიუხედავად ამისა, იურიდიული წნეხის გზით რეგულაციების დაწესება აშშ-ში უცხო არ არის. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თამბაქოს თუ სხვა ინდუსტრიების მსგავსად, სასამართლო დავები ხშირად ხდება ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური პოლიტიკის ცვლილების კატალიზატორი.

წყარო: theverge.com