
Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, Lenny’s Podcast-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში Meta-ს თანამშრომლებისთვის AI ტოკენების მოხმარებაზე ლიმიტების დაწესება აუცილებელი გახდება. მისი თქმით, შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ძლიერი ინჟინრის მიერ გენერირებული AI ხარჯები მისივე ხელფასის ტოლი იქნება.
AI ტოკენების ხარჯვა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ მოთხოვნებისა და პასუხების დამუშავების საფასურს გულისხმობს, ტექნოლოგიურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. Meta-მ უკვე დახურა შიდა რეიტინგების სისტემა, რომელიც ტოკენების ხარჯვას აკონტროლებდა, რადგან ხარჯების ზრდის ტემპი კომპანიას 2026 წლისთვის მილიარდობით დოლარის ზარალს უქადდა.
პრობლემა მხოლოდ Meta-ს არ ეხება. Uber-მა 2026 წლისთვის გათვლილი AI კოდირების ბიუჯეტი ჯერ კიდევ აპრილში ამოწურა, ხოლო Microsoft-მა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით Claude Code-ის ლიცენზიები გააუქმა და ინჟინრები საკუთარ Copilot CLI ინსტრუმენტზე გადაიყვანა.
მოსერის აზრით, AI ტოკენების ხარჯვა ისეთივე რესურსად უნდა იქცეს, როგორიცაა ხელფასები ან ოპერაციული ხარჯები (OpEx). „მე უნდა გადავწყვიტო, როგორ გავანაწილო GPU, CPU, მეხსიერება და ადამიანური რესურსი გუნდებს შორის. ტოკენების ბიუჯეტიც ანალოგიური იქნება“, — აღნიშნა მან. მოსერი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ლიმიტები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს კონკრეტული ინჟინერი რესურსს ROI-ის (ინვესტიციის უკუგების) თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე Meta-ში თანამშრომლებისთვის ტოკენების ლიმიტი არ არსებობს, მოსერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვარაუდობს, რომ მომავალში, AI მოდელების შემქმნელებს შორის კონკურენციის ზრდასთან ერთად, ტოკენების ფასი შემცირდება.
წყარო: techcrunch.com






