
AI-ღრუბლოვანი სერვისების კომპანია Lambda-მ, რომელიც Nvidia-ს ჩიპებს ყიდულობს და მათ ბიზნესებს აქირავებს, 1 მილიარდი დოლარის მოცულობის მოკლევადიანი სასესხო კაპიტალი მოიზიდა. Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული თანხა Nvidia-ს AI-ჩიპების შესაძენად იქნება გამოყენებული, რომლებსაც კომპანია შემდგომში Microsoft-ს მიაქირავებს.
JP Morgan Chase-ის მიერ ორგანიზებული გარიგება მიუთითებს, რომ Lambda-ს სტრატეგია ჩიპების სწრაფ ინტეგრაციასა და მათგან მიღებული შემოსავლით ვალის ოპერატიულად დაფარვას ეფუძნება. ეს ნაბიჯი კომპანიის მიერ GPU-ინფრასტრუქტურის დაფინანსების სერიის ნაწილია. მიმდინარე წელს Lambda-მ უკვე დახურა 1 მილიარდი დოლარის საკრედიტო ხაზი, ასევე 926 მილიონი დოლარის სესხი, რომელიც Nvidia-ს უახლესი GB300 მოდელის ჩიპების შესაძენად იყო განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ Lambda ამჟამად IPO-მდე 3 მილიარდი დოლარის მოზიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გასული წლის ნოემბერში კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის ვენჩურული კაპიტალი მიიღო, რამაც მისი საბაზრო შეფასება 5.43 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
Lambda არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც AI-ბუმის ფარგლებში ვალზეა დამოკიდებული. Bloomberg-ის მონაცემებით, 2026 წელს გლობალურად ბანკებმა და ტექნოლოგიურმა კომპანიებმა AI-სთან დაკავშირებული მიზნებისთვის უკვე 400 მილიარდ დოლარზე მეტი სესხი აიღეს.
წყარო: techcrunch.com






