Kodiak-ის CEO: თვითმართვადი სატვირთოების შექმნა მხოლოდ საქმის ნახევარია

მიმდინარე წელი თვითმართვადი სატვირთოებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. გარდა იმისა, რომ Aurora ასობით ავტონომიური სატვირთოს განთავსებას გეგმავს და Waabi რობოტაქსების მიმართულებით ფართოვდება, Kodiak AI 2026 წლის ბოლომდე საკუთარი სრულად უპილოტო, შორ მანძილზე გადაზიდვების სერვისის გაშვებას ისახავს მიზნად. მართალია, რობოტაქსები ჯერ კიდევ იპყრობენ ყურადღებას, უპილოტო სატვირთოები ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევენ წინ.

თუმცა, Kodiak AI-ის CEO დონ ბერნეტმა აღნიშნა, რომ ავტონომიური სატვირთოების დანერგვა მხოლოდ საქმის ნახევარია. მისი თქმით, სანამ კონკურენტები AI-ს, აღქმის სისტემებისა და გავლილი კილომეტრების დეტალებზე არიან ფოკუსირებულნი, Kodiak რეალური ბიზნესის ოპერირებისთვის ემზადება. ეს მოიცავს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, როგორიცაა: ვის ეკუთვნის სატვირთოები, რა დროის განმავლობაში უნდა მუშაობდნენ ისინი შეუფერხებლად და საბოლოოდ რა გადაიზიდება.

„ძალიან მალე ხვდები, რომ საქმე მხოლოდ სატვირთოს უსაფრთხოდ მართვაში არ არის... ეს მხოლოდ საბაზისო მოთხოვნაა,“ - განაცხადა ბერნეტმა. „მომხმარებლებისთვის მთავარია, რამდენად ეფექტურად ჩაერთვება ეს სატვირთო მათ ოპერაციებში. ამაზე კი არავინ საუბრობს.“

Kodiak AI 2018 წელს დააარსეს ბერნეტმა (Google-ის თვითმართვადი მანქანების პროექტის, ამჟამად Waymo-ს ვეტერანი) და პაზ ეშელმა. კომპანია ავითარებს თვითმართვად სატვირთოებს როგორც მაგისტრალებისა და ინდუსტრიული გამოყენებისთვის, ისე თავდაცვის სექტორისთვის. 2025 წელს სტარტაპმა უპილოტო მიწოდებები დაიწყო Atlas Energy Solutions-თვის. Kodiak AI საჯარო კომპანია 2025 წლის სექტემბერში, SPAC შერწყმის გზით გახდა.

ახლა კომპანია უკვე მზადაა ღია გზებისთვის. ბერნეტი აღნიშნავს, რომ Kodiak მრავალ ვერტიკალში ოპერირებს, თუმცა აქცენტს ინდუსტრიულ და უგზოობის პირობებში გადაზიდვებზე აკეთებს. ის ასეთ გარემოს „არასტრუქტურირებულს“ უწოდებს, რადგან ისინი უფრო კომპლექსური და არაპროგნოზირებადია. მისი თქმით, ამან სატვირთოები უკეთ მოამზადა მაგისტრალების მსგავსი „სტრუქტურირებული“ გარემოსთვის.

„წლის ბოლომდე ვგეგმავთ მძღოლების სრულად ჩანაცვლებას,“ - აღნიშნა ბერნეტმა. „გახსოვდეთ, პროდუქტი არ არის ღირებული, თუ ის უპილოტო არ არის.“

თუმცა მანამდე Kodiak-მა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რაც გულისხმობს მონაცემთა ვრცელ შეგროვებას, სიმულაციურ სამყაროში ტესტირებას და რისკების შემცირების დეტალური გეგმის შემუშავებას.

ბიზნეს მოდელის კუთხით, Kodiak განსხვავებულ მიდგომას იყენებს. იმის ნაცვლად, რომ OEM-ებისგან ავტონომიისთვის მზა სატვირთოებს დაელოდონ, Kodiak ავითარებს Aftermarket გადაწყვეტას პარტნიორებთან (Roush Industries და Bosch). ეს მათ საშუალებას აძლევს ტექნოლოგიის მზაობისთანავე მარტივად მოახდინონ სკალირება. დღეისათვის მიწოდებული სატვირთოები უშუალოდ მომხმარებლების მფლობელობაშია და არა Kodiak-ის.

სწორედ ამით განსხვავდება Kodiak კონკურენტებისგან. ბერნეტის თქმით, როდესაც სატრანსპორტო საშუალება მომხმარებელს ეკუთვნის, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი მეტრიკები, როგორიცაა უტილიზაცია, მუშაობის დრო და შემოსავალი. „როდესაც მომხმარებელი ფლობს მანქანას, ის აუცილებლად უნდა მუშაობდეს ყოველთვის,“ - ამბობს ბერნეტი.

ბერნეტი ღიად აკრიტიკებს კონკურენტებს. მისი აზრით, ავტონომიური ტრანსპორტის ბევრი კომპანია ფოკუსირებულია შთამბეჭდავ ვიზუალებსა და ტექნოლოგიაზე, მაგრამ არ გადაულახავთ ყველაზე რთული ბარიერი - შექმნან გამოყენებადი პროდუქტი. მისი თქმით, უმეტესობას არ გადაუჭრია ავტონომიის რეალურ სამუშაო პროცესებში (workflows) ინტეგრაციის პრობლემა, მაშინ როცა Kodiak AI ამ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს.

წყარო: theverge.com