
IBM-ის კიბერუსაფრთხოების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, უილიამ ბარლოუმ, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბარლოუს მტკიცებით, გასული ათწლეულის განმავლობაში IBM-ი უცხოური სახელმწიფოების მიერ განხორციელებული კიბერშეტევების სამიზნე არაერთხელ გახდა, თუმცა კომპანიამ ეს ფაქტები საზოგადოებისა და შესაბამისი უწყებებისგან დამალა.
სარჩელის თანახმად, 2013-2016 წლებში ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, APT 10-მა, IBM-ის ქსელზე 56 000-ზე მეტი შეტევა განახორციელა. ბარლოუ აღნიშნავს, რომ კომპანიის შიდა გამოძიებამ დაადასტურა სისტემების კომპრომეტირება, თუმცა IBM-მა ვერ შეძლო ინციდენტის სრულფასოვანი შესწავლა, რადგან არ აწარმოებდა ქსელში წვდომის ელემენტარულ ლოგებს.
ბრალდებების მიხედვით, IBM-მა არ შეატყობინა აშშ-ის მთავრობას, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტია. გარდა ამისა, ბარლოუ საუბრობს IBM-ის შვილობილი კომპანიების, Trusteer-ისა და Truven-ის სისტემებზე განხორციელებულ შეტევებზეც, რომლებიც, მისი თქმით, ასევე გასაიდუმლოებული დარჩა.
IBM-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია დარწმუნებულია საკუთარი ქმედებების კანონიერებაში და აღნიშნავს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეში ჩარევაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, ბარლოუს ადვოკატები აცხადებენ, რომ აპირებენ საქმის აქტიურად გაგრძელებას, რადგან მიაჩნიათ, რომ კიბერუსაფრთხოების სერვისების მიმწოდებელი კომპანია საკუთარი სისტემების დაცვის ვალდებულებას უნდა ასრულებდეს.
წყარო: techcrunch.com






