Groq-მა 350 მილიონი დოლარი მოიზიდა: კომპანია AI ჩიპებიდან „ნეოქლაუდ“ სერვისებზე გადადის

სტარტაპმა Groq-მა 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. კომპანია სტრატეგიულ ცვლილებას ახორციელებს და AI ჩიპების მწარმოებლიდან „ნეოქლაუდ“ (neocloud) პროვაიდერად გარდაიქმნება, რომელიც მომხმარებლებს მძლავრ GPU-ებსა და AI ინფრასტრუქტურულ სერვისებს სთავაზობს.

ახალი საინვესტიციო რაუნდი, რომელსაც Disruptive ხელმძღვანელობს, კომპანიას 3.5 მილიარდ დოლარად აფასებს. Groq-ის თავდაპირველი ფოკუსი საკუთარი ჩიპების, ე.წ. LPU-ების (language processing units) შექმნა იყო, რათა Nvidia-სთვის კონკურენცია გაეწია. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი ჯონათან როსი და წამყვანი გუნდი Nvidia-ში გადავიდნენ, Groq-მა ბიზნესმოდელი შეცვალა და ახლა Nvidia-ს სისტემებზე დაფუძნებულ ღრუბლოვან და მონაცემთა ცენტრის სერვისებს ავითარებს.

დღეისთვის Groq მართავს 13 მონაცემთა ცენტრს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. კომპანია ემსახურება 6 მილიონზე მეტ დეველოპერსა და კორპორატიულ კლიენტს. მოზიდული კაპიტალი მოხმარდება Nvidia-ს დაჩქარებული გამოთვლითი სიმძლავრეების მასშტაბირებას, რაც აუცილებელია AI მოდელების ტრენინგისა და ინფერენსისთვის.

Groq-ის თავმჯდომარის, ალექს დევისის განცხადებით, კომპანიის მიზანია გახდეს მსოფლიოში წამყვანი AI ინფერენსის ღრუბლოვანი პლატფორმა, რადგან სწორედ ინფერენსი წარმოადგენს AI ინფრასტრუქტურის ყველაზე კრიტიკულ და მზარდ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, ანალიტიკოსები კვლავ აკვირდებიან „ნეოქლაუდ“ კომპანიების ფინანსურ მდგრადობას, მაღალ კაპიტალურ დანახარჯებსა და ტექნიკის სწრაფ ცვეთასთან დაკავშირებულ რისკებს.

წყარო: techcrunch.com