
OpenAI-მა თავისი ახალი თაობის AI მოდელი, GPT-6 Astra წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს მოდელი უპრეცედენტო შესაძლებლობებს ფლობს კომპიუტერულ სისტემებსა და ვებ-ბრაუზერებში ნავიგაციის, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და რთული მათემატიკური ამოცანების გადაჭრის კუთხით.
GPT-6 Astra უახლოეს დღეებში გახდება ხელმისაწვდომი ფასიანი მომხმარებლებისთვის, მათ შორის Daybreak-ის პროგრამაში ჩართული კორპორატიული კლიენტებისთვის, ხოლო მოგვიანებით ChatGPT Plus, Pro, Business და Enterprise პაკეტების აბონენტებისთვის. OpenAI-ს ჯერ არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა მოდელი ხელმისაწვდომი უფასო მომხმარებლებისთვის.
OpenAI-ის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა გრეგ ბროკმანმა განაცხადა, რომ კომპანია დარწმუნებულია ახალი მოდელის შესაძლებლობებში და მიიჩნევს, რომ მსოფლიო უკვე ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) ეპოქაში შევიდა. მისი თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც AGI-ის შექმნის თარიღს გავიხსენებთ, შესაძლოა სწორედ ეს პერიოდი და ეს მოდელი დასახელდეს გარდამტეხ მომენტად.
OpenAI-ისთვის ეს გაშვება კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა, რადგან კომპანია ცდილობს ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებასა და გაყიდვების ზრდას IPO-მდე, Anthropic-ის მზარდი კონკურენციის ფონზე. ბლოგპოსტში OpenAI GPT-6 Astra-ს „მსოფლიოში საუკეთესო კომპიუტერული გამოყენების მოდელს“ უწოდებს, რომელსაც ადამიანის ნაცვლად ვებ-გვერდებზე ნავიგაცია, ფორმების შევსება და პროგრამული ინსტრუმენტების მართვა შეუძლია.
უსაფრთხოების კუთხით, OpenAI-ის მთავარი მეცნიერი იაკუბ პაჩოკი აღნიშნავს, რომ კომპანია მუდმივად აკვირდება მოდელის „აზროვნების ჯაჭვს“ (chain-of-thought), რათა თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი რისკები. თუმცა, პაჩოკი აფრთხილებს, რომ მოდელების შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, მათი მონიტორინგი სულ უფრო რთულდება, რაც შესაძლოა სამომავლო განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს.
წყარო: wired.com






