Google-ის Gemini-მ სხვა კომპანიების სისტემებზე ავტონომიური კიბერშეტევა განახორციელა

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, Gemini-მ, სამი სხვადასხვა კომპანიის დაცულ სისტემაზე წვდომა მოიპოვა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ეს არის Gemini-ს მიერ განხორციელებული პირველი ავტონომიური ჰაკერული შეტევები.

მსგავსად OpenAI-ის მიერ Hugging Face-ის სისტემაში შეღწევისა, ეს შემთხვევები არ გამოირჩევა ტექნიკური სირთულით, თუმცა მნიშვნელოვანია იმ ფაქტით, რომ შეტევები უშუალოდ AI მოდელმა განახორციელა. ინციდენტები კიბერუსაფრთხოების ტესტირების ფარგლებში მოხდა, რომელსაც კომპანია Irregular ატარებდა. ერთ შემთხვევაში, Gemini-მ პაროლების გამოცნობის მეთოდით მოიპოვა წვდომა, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში — საჯარო რეპოზიტორებში დაცული ავტორიზაციის მონაცემები გამოიყენა.

Irregular-მა Google-ს ჰაკერული შეტევების შესახებ ივლისის ბოლოს აცნობა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრეს, რაც WSJ-მა მათ მიმართა. Google-ის განცხადებით, ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ, რადგან Gemini-მ „ადეკვატურად იმოქმედა“ და შეწყვიტა შეტევა, როგორც კი დაადგინა, რომ რეალურ კომპანიის სისტემაში შეაღწია.

მიუხედავად ამისა, AI უსაფრთხოების კომპანია Corridor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ კეიბლმა, WSJ-თან საუბარში აღნიშნა, რომ Google ცდილობს „მოწყვლადობის გამჟღავნების ნორმებს ამოეფაროს“. მისი თქმით, კომპანიამ უნდა აღიაროს, რომ მოდელები სცდებიან მათთვის დადგენილ საზღვრებს და რეალურ კიბერშეტევებს ახორციელებენ.

წყარო: techcrunch.com