Google DeepMind-ში პროფკავშირების შექმნის პროცესი გართულდა

Google DeepMind-ის ლონდონის ოფისის თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის პროფკავშირების შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. პროცესში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ პირველი შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა.

მაისში DeepMind-ის თანამშრომლებმა Google-ს მიმართეს თხოვნით, ეღიარებინა Communication Workers Union (CWU) და Unite the Union მათი წარმომადგენლებად. კომპანიამ მოთხოვნა უარყო, თუმცა დათანხმდა მესამე მხარის არბიტრაჟით მოლაპარაკებების გამართვას. პირველ შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, პროფკავშირების წარმომადგენლები და HR-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, თუმცა DeepMind-ის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის არყოფნამ თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია.

CWU-ს წარმომადგენლის, ჯონ ჩედფილდის თქმით, მენეჯმენტის არყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია მოლაპარაკებებს არასერიოზულად უყურებს. თავის მხრივ, Google-ის სპიკერი აცხადებს, რომ პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და შეხვედრას შესაბამისი პირები ესწრებოდნენ.

თანამშრომლები ადანაშაულებენ კომპანიას დიალოგის ჩახშობასა და შიდა კომუნიკაციის არხების შეზღუდვაში. მათი თქმით, Google იყენებს „პროფკავშირების საწინააღმდეგო ტაქტიკას“, რათა დააშინოს პერსონალი. დაძაბულობის ფონზე, თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ მოლაპარაკებები არ გაუმჯობესდება, ისინი არბიტრაჟის კომიტეტს მიმართავენ, რათა Google-ს პროფკავშირების აღიარება აიძულონ.

პროფკავშირების შექმნის იდეა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა, ეთიკური სახელმძღვანელოდან ამოიღო პირობა, რომელიც AI-ის იარაღის შექმნისა და სათვალთვალო მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავდა. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბევრი ტექნოლოგიური სპეციალისტის ღირებულებებს, რომლებიც შიშობენ, რომ მათი ნამუშევარი შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

წყარო: wired.com