
Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ Google Cloud, რომელიც კორპორატიულ AI გადაწყვეტილებებს ქმნის, პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა. მისმა შემოსავალმა $20 მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-იანი ზრდაა. თუმცა, ინვესტორებმა გამოხატეს შეშფოთება კომპანიის სიმძლავრეების შეზღუდვებსა და cloud რესურსების განაწილების სტრატეგიაზე.
2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა Google Cloud Platform იყო. Alphabet-ის CEO-მ, Sundar Pichai-მ აღნიშნა, რომ ეს Gemini Enterprise-სა და სხვა AI გადაწყვეტილებებზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. მან ასევე ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის TPU აპარატურასა და მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნის ზრდას.
AI პროდუქტები cloud-ის ზრდის ყველაზე დიდი დრაივერი იყო. Google-ის genAI მოდელებზე დაფუძნებული პროდუქტების გაყიდვები წლიურად თითქმის 800%-ით გაიზარდა, ხოლო API-ის მეშვეობით AI ტოკენების გამოყენებამ წუთში 16 მილიარდს მიაღწია. გარდა ამისა, წლიურად გაორმაგდა როგორც ახალი მომხმარებლების მოზიდვის მაჩვენებელი, ისე $100 მილიონიდან $1 მილიარდამდე ღირებულების გარიგებების რაოდენობაც.
მიუხედავად ამისა, ზრდას გარკვეული ბარიერები აქვს. Google Cloud-ის შეუსრულებელი შეკვეთების (backlog) მოცულობა კვარტალში გაორმაგდა და $462 მილიარდს მიაღწია. "მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ გამოთვლითი სიმძლავრეების დეფიციტს განვიცდით," აღნიშნა Pichai-მ. "ჩვენი შემოსავალი ბევრად მეტი იქნებოდა, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება რომ შეგვძლებოდა."
კომპანია ვარაუდობს, რომ მომდევნო 24 თვის განმავლობაში შეუსრულებელი შეკვეთების 50%-ის უზრუნველყოფას შეძლებს. ინვესტიციების განხორციელებისას Google ყურადღებას ამახვილებს კაპიტალზე უკუგების (ROIC) პრინციპზე, რაც ინოვაციების მიმართულებით სწორი ინვესტირების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
წყარო: techcrunch.com







