
მოდულური და შესაკეთებელი კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Framework-მა ყველა მომხმარებელს აცნობა, რომ ჰაკერებმა მათი პირადი მონაცემები, მათ შორის სახელები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და ფიზიკური მისამართები მოიპარეს. ინციდენტი კომპანიის ბიზნეს-ინტელექტის პროვაიდერის სისტემაში შეჭრამ გამოიწვია.
Framework-ის წარმომადგენელმა ერიკ შუმახერმა TechCrunch-თან საუბარში დაადასტურა, რომ კიბერშეტევა შეეხო კომპანიის ყველა მომხმარებელს, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. მიუხედავად იმისა, რომ Framework-ის პროდუქცია ნიშურია, შეფასებების მიხედვით, კომპანიას ასობით ათასი მოწყობილობა აქვს გაყიდული.
გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემთა გაჟონვის მიზეზი გახდა Metabase-ის სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევა. Metabase-მა ოფიციალურ ბლოგზე განაცხადა, რომ ჰაკერებმა უცნობი უსაფრთხოების ხარვეზი, ე.წ. zero-day, გამოიყენეს. ამ ხარვეზის მეშვეობით თავდამსხმელებმა წვდომა მიიღეს Metabase-ის ქლაუდ სერვერებზე განთავსებულ კლიენტების მონაცემთა ბაზებზე.
Framework-მა საკუთარი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ჰაკერებმა მოიპარეს მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია, თუმცა გადახდის დეტალები დაცულია და არ დაზიანებულა. Metabase-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
წყარო: techcrunch.com






