Fintech სტარტაპმა Parker გაკოტრების შესახებ განაცხადა

Parker-მა, კარგად დაფინანსებულმა სტარტაპმა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესებს კორპორატიულ საკრედიტო ბარათებსა და საბანკო სერვისებს სთავაზობდა, გაკოტრების შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

სტარტაპი Y Combinator-ის 2019 წლის ზამთრის კოჰორტის წევრი იყო, ხოლო მისი Series A რაუნდი Valar Ventures-მა დააფინანსა.

Parker ფართო აუდიტორიის წინაშე 2023 წელს წარდგა და განაცხადა, რომ მათი კორპორატიული საკრედიტო ბარათები სპეციალურად ელ-კომერციის კომპანიებისთვის იყო შექმნილი. თანადამფუძნებლისა და CEO-ს, Yacine Sibous-ის თქმით, მათი მთავარი უპირატესობა ელ-კომერციის ფულადი ნაკადების (cash flows) ზუსტი შეფასების სისტემა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ Parker-ის ვებსაიტი კვლავ აქტიურია და დახურვის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათმა პარტნიორმა ბანკმა, Patriot Bank-მა მომხმარებლებს სტარტაპის დახურვის შესახებ უკვე შეატყობინა. პარალელურად, კონკურენტები აქტიურად ცდილობენ Parker-ის ყოფილი კლიენტების გადაბირებას.

კომპანიის პრობლემებს ადასტურებს 7 მაისს Chapter 7-ით გაკოტრების შესახებ გაკეთებული განაცხადიც. დოკუმენტაციის მიხედვით, Parker-ის აქტივებიც და ვალდებულებებიც 50-დან 100 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მას 100-დან 199-მდე კრედიტორი ჰყავს.

Fintech კონსულტანტის, Jason Mikula-ს ცნობით, Parker პოტენციურ შესყიდვაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რისი წარუმატებლობაც სტარტაპის უეცარი დახურვის მიზეზი გახდა. ამან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და საბანკო პარტნიორების ზედამხედველობის საკითხიც ეჭვქვეშ დააყენა.

კომპანიის CEO-ს დახურვის შესახებ პირდაპირი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა LinkedIn-ზე აღნიშნა, რომ თავიდან დაწყების შემთხვევაში, ის თავს აარიდებდა "ზედმეტი კადრების აყვანას და რეაქტიულ გადაწყვეტილებებს".

წყარო: techcrunch.com