ElevenLabs-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მუსიკის გენერაციის ახალი აპლიკაცია გამოუშვა

ხმოვანი AI-ის კომპანია ElevenLabs-მა ჩუმად გამოუშვა iOS აპლიკაცია ElevenMusic, რომელიც მომხმარებლებს AI-ის საშუალებით მუსიკის შექმნისა და აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. აპლიკაციის მიზანია კონკურენცია გაუწიოს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Suno და Udio.

ახალი აპლიკაცია მიუთითებს კომპანიის სურვილზე, გასცდეს მხოლოდ ხმოვანი მოდელების შექმნის ჩარჩოებს. ElevenMusic-ის გამოყენება ამჟამად უფასოა და მომხმარებლებს ბუნებრივი ენის გამოყენებით დღეში შვიდი სიმღერის გენერირება შეუძლიათ. მათ ასევე აქვთ სიმღერის ხანგრძლივობის, ტექსტისა და სტილის მორგების შესაძლებლობა.

აპლიკაცია მოიცავს სხვების მიერ შექმნილი სიმღერების აღმოჩენისა და ტექსტური ბრძანებებით მათი რემიქსების შექმნის ფუნქციას. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა განწყობის ყოველდღიური მიქსები, ტოპ ჩარტები და ახალი რელიზები, მსგავსად Spotify-სა და Apple Music-ისა.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს Pro ვერსიას თვეში 9.99 ან წელიწადში 95.90 დოლარად. ეს აბონემენტი მოიცავს თვეში 500 ტრეკის გენერირებასა და 500 GB-ზე მეტ მეხსიერებას.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ElevenLabs-მა 11 მილიარდი დოლარის შეფასებით, 500 მილიონი დოლარის Series C დაფინანსება მოიზიდა. სტარტაპი აქტიურად ავითარებს კრეატიულ მოდელებს და მომავალში პლატფორმაზე შექმნილი მუსიკისთვის საავტორო ჰონორარების დანერგვასაც განიხილავს.

წყარო: techcrunch.com