
GitHub, რომელიც წლების განმავლობაში დეველოპერებისთვის კოდის ჰოსტინგის მთავარ პლატფორმად რჩებოდა, ბოლო პერიოდში ტექნიკური ხარვეზებისა და მუშაობის შეფერხებების გამო კრიტიკის ქარცეცხლშია. ამ ვითარებით სარგებლობს AI სტარტაპი Cursor, რომელმაც ახალი პლატფორმა, Origin, წარადგინა.
Origin დეველოპერებს სთავაზობს კოდის ბაზებთან მუშაობის, რედაქტირების, pull-request-ების მართვისა და რეპოზიტორების შენახვის სრულფასოვან ფუნქციონალს. Cursor-ის განცხადებით, პლატფორმა მალე „agent native“ ფუნქციებითაც გამდიდრდება, რაც მის ეკოსისტემას კიდევ უფრო გააფართოებს.
აღსანიშნავია, რომ Origin-ის გამოყენება არ მოითხოვს GitHub-ზე უარის თქმას. პლატფორმა შექმნილია ისე, რომ დეველოპერებს საშუალება ჰქონდეთ, ორივე სერვისი პარალელურად გამოიყენონ და კოდი მათ შორის მარტივად გადაიტანონ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააკავშიროთ GitHub-ის რეპოზიტორები Cursor-თან და სინქრონიზაცია მოახდინონ.
Origin-ის გაშვება დროში დაემთხვა GitHub-ის მორიგ გლობალურ შეფერხებას, რამაც პლატფორმის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა. LeadDev-ის მონაცემებით, გასულ წელს GitHub-ს 257-ჯერ შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რამაც არაერთი მაღალი დონის მომხმარებლის გადინება გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, Cursor-ს რთული გზა აქვს გასავლელი. GitHub, რომელიც 2007 წელს დაარსდა და 2018 წელს Microsoft-მა შეიძინა, 180 მილიონზე მეტ დეველოპერს აერთიანებს და კვლავ რჩება მსოფლიოში უმსხვილეს კოდის ჰოსტინგ პლატფორმად.
წყარო: techcrunch.com






