
BP-ის ურთიერთობა კლიმატურ ტექნოლოგიებთან (climate tech) დასრულდა. მიმდინარე წლის დასაწყისში სუფთა ენერგიაზე ორიენტირებული სტრატეგიის გადახედვის შემდეგ, ნავთობგიგანტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავისი ვენჩურული პორტფელის უდიდეს ნაწილს — 10-ზე მეტ კომპანიას — ნორდიკულ საინვესტიციო ფირმა Verdane-ს ყიდის.
2007 წელს დაარსების დღიდან, BP Ventures-მა ინვესტიციები განახორციელა ენერგეტიკული ტრანზიციის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მწვანე წყალბადის, ელექტრომობილობის, ავტონომიური ტრანსპორტის, კერძო ავიაციისა და გეოთერმული ენერგიის მიმართულებით.
კომპანიის განცხადებით, ისინი შეინარჩუნებენ წილებს მხოლოდ იმ მცირერიცხოვან სტარტაპებში, რომელთა ტექნოლოგიებიც BP-ის ძირითადი ბიზნესისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის. თუმცა, კონკრეტული კომპანიების დასახელებაზე ნავთობგიგანტმა უარი განაცხადა. ასევე გაურკვეველია BP Ventures-ის თანამშრომლების ბედი, თუმცა, სავარაუდოდ, კომპანია მასშტაბურ შემცირებებს გეგმავს. გარიგების დასრულება 2027 წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ BP Ventures-ის ინვესტიციები ფინანსურად ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციით, პორტფელის ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც თითქმის უტოლდება იმ თანხას, რომელიც კომპანიამ 2006 წლიდან დღემდე ამ მიმართულებაში დააბანდა.
წყარო: techcrunch.com






