AWS-ის ტექნიკური ხარვეზი: მომხმარებლებმა მილიარდდოლარიანი ინვოისები მიიღეს

Amazon Web Services-ის (AWS) ბილინგის სისტემაში დაფიქსირებულმა ტექნიკურმა ხარვეზმა კომპანიის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. მრავალმა მათგანმა ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მათ AWS-ის ვალი მილიარდობით დოლარი ჰქონდათ.

CollegeFootballData.com-ის დამფუძნებელმა ბილ რაჯევსკიმ განაცხადა, რომ მისმა ანგარიშმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო აგვისტოს პროგნოზირებული გადასახადი 3 მილიარდს აჭარბებდა. აღსანიშნავია, რომ რაჯევსკის ყოველთვიური ხარჯი AWS-ზე, როგორც წესი, 0.02 დოლარს არ აღემატება.

სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) მომხმარებლები აზიარებენ სკრინშოტებს, სადაც ფიგურირებს 22, 75 და 110 მილიარდი დოლარის ოდენობის დავალიანება. ერთ-ერთმა მომხმარებელმა Reddit-ზე გამოაქვეყნა მონაცემი, რომლის მიხედვითაც მას 7.1 ტრილიონი დოლარის გადახდა მოუწევდა, რაც Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაციაზე ორჯერ მეტია.

Amazon-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრობლემა გლობალური მასშტაბისაა და ის გამოწვეულია „ბილინგის გამოთვლის ქვესისტემაში ერთეულის ფასწარმოქმნის ხარვეზით“. კომპანიამ უკვე შეაჩერა საორიენტაციო გადასახადების გამოთვლა და მუშაობს სისტემის აღდგენაზე. AWS-ის განცხადებით, მომხმარებლებს რაიმე ქმედების განხორციელება არ მოეთხოვებათ და ხარვეზი უახლოეს პერიოდში სრულად აღმოიფხვრება.

წყარო: wired.com