
ყოველ ჯერზე, როდესაც AI-ს იყენებთ, თქვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ხართ ASML-ზე — ჰოლანდიურ კომპანიაზე, რომელიც ყოველწლიურად 4.5 მილიარდ ევროს ხარჯავს ტექნოლოგიების განვითარებაში.
ASML აწარმოებს მოწყობილობებს, რომლებიც AI-ს არსებობას შესაძლებელს ხდის. კერძოდ, ის ქმნის მსოფლიოში ერთადერთ EUV (extreme ultraviolet lithography) სისტემებს, რომლებიც უახლეს ნახევარგამტარებს ბეჭდავს. თითოეული დანადგარი თვეების განმავლობაში იწყობა და მისი ფასი 200-დან 400 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
ამ მონოპოლიამ ASML ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცია. ტექნოლოგიური გიგანტების (Microsoft, Meta, Amazon, Google) მიერ AI ინფრასტრუქტურაში დაბანდებული ასობით მილიარდი დოლარის ფონზე, მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიის პროგნოზით, ჩიპების დეფიციტი კიდევ წლების განმავლობაში შენარჩუნდება.
2024 წელს დანიშნულმა CEO-მ, Christophe Fouquet-მ ინდუსტრიის გამოწვევებზე, კონკურენტებსა და გეოპოლიტიკაზე ისაუბრა.
ელოდით თუ არა AI-ის ასეთ აფეთქებას?
არა. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით, მაგრამ ChatGPT-მდე AI უფრო თეორიული კონცეფცია იყო. ახლა მას აღვიქვამთ, როგორც მომდევნო ინდუსტრიულ და სოციალურ რევოლუციას.
შეძლებს თუ არა მიწოდების ჯაჭვი მოთხოვნის დაკმაყოფილებას?
ბაზარზე მიწოდების დეფიციტი კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მთავარი ბარიერი ჩიპების წარმოებაა. hyperscaler-ები დაგიდასტურებენ, რომ მომდევნო 2-5 წლის განმავლობაში მათთვის საკმარისი ჩიპები არ იარსებებს.
TSMC-მ განაცხადა, რომ თქვენი უახლესი დანადგარები ძალიან ძვირია. რას უპასუხებდით?
high-NA EUV სისტემები მართლაც ძვირია (დაახლოებით $350 მილიონი), თუმცა მათი გამოყენებით სილიკონის ფირფიტის (wafer) წარმოების თვითღირებულება 20-30%-ით მცირდება. იგივე რეაქცია იყო წლების წინ წინა თაობის სისტემებზეც, თუმცა დრომ მათი ეფექტურობა დაამტკიცა.
რას ფიქრობთ startup-ზე Substrate, რომელიც აცხადებს, რომ თქვენი კონკურენტული სისტემის შექმნა შეუძლია?
სურვილი ერთია, რეალობა — მეორე. ASML-მა EUV შექმნა იმიტომ, რომ ცოდნის 80% უკვე არსებობდა. მხოლოდ სინათლის წყაროს პრობლემის გადაჭრას 20 წელი მოვანდომეთ. ნულიდან დაწყება წარმოუდგენლად რთულია.
მართალია თუ არა გავრცელებული ხმები, რომ ჩინეთში ASML-ის ყოფილმა ინჟინრებმა თქვენი ტექნოლოგია დააკოპირეს (reverse-engineer)?
ამისათვის ფიზიკური დანადგარია საჭირო. ჩინეთში ჩვენი EUV სისტემა არასდროს გაგვიგზავნია და იქ არც ამ ტექნოლოგიაზე გადამზადებული პერსონალი გვყავს. კომპანიაში მკაცრად არის გამიჯნული ტექნოლოგიაზე წვდომის მქონე და არმქონე გუნდები. ეს ინფორმაცია უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
ეთანხმებით Jensen Huang-ს ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, რომ უახლესი ტექნოლოგია ქვეყნის შიგნით უნდა დარჩეს?
აბსოლუტურად. Nvidia ინარჩუნებს ტექნოლოგიურ უპირატესობას იმით, რომ გარკვეულ ბაზრებზე წინა თაობის პროდუქტებს ყიდის. ჩვენც ამავე მიდგომას ვიზიარებთ. დღეს ჩინეთში ექსპორტის წესების დაცვით ვგზავნით ტექნოლოგიას, რომელიც პირველად 2015 წელს გამოვიდა. მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა ბიზნესის კეთებასა და კონკურენტებისთვის სტრატეგიული უპირატესობის მინიჭებას შორის.
არ ნერვიულობთ, რომ ვინმე თქვენი ტექნოლოგიის შექმნას უფრო მოკლე გზით შეძლებს?
ხალხს ავიწყდება, რა ძალისხმევა დასჭირდა ამ ყველაფრის აშენებას. ათწლეულების ლითოგრაფიული ექსპერიმენტები და ურთულესი მიწოდების ჯაჭვი — ეს არის ჩვენი საუკეთესო დაცვა.
წყარო: techcrunch.com







