
ჩიპების დიზაინის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია Arm-მა გამოაცხადა, რომ საკუთარი ნახევარგამტარების წარმოებას იწყებს. ეს ნაბიჯი ცვლის კომპანიის მრავალწლიან მოდელს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებას გულისხმობდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავად აწარმოებდნენ და ყიდდნენ ჩიპებს. Arm-ის CEO-მ, რენე ჰაასმა სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ახალი Arm CPU ტექნოლოგიურ ინდუსტრიას და რატომ არის ახლა შესაფერისი დრო სხვა მწარმოებლებთან კონკურენციისთვის.
„მინდა ნათლად განვაცხადო: ჩვენ ახალ ბიზნესში ვართ და CPU-ებს ვაწვდით“, - აღნიშნა ჰაასმა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გადასვლის მთავარი მიზეზი მომხმარებელთა მოთხოვნაა. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და გამოთვლით რესურსებზე მოთხოვნა იზრდება, Arm-ს სურს AI CPU ბაზრის მზარდი წილის მოპოვება.
ახალ ჩიპს Arm AGI CPU ჰქვია, რაც artificial general intelligence-ზე მიუთითებს. იგი შექმნილია მონაცემთა ცენტრებში მაღალი წარმადობის სერვერებზე სხვა ჩიპებთან ერთად სამუშაოდ და ე.წ. აგენტური AI ამოცანების შესასრულებლად. ჩიპს TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Corporation) 3nm ტექნოლოგიით ამზადებს.
Arm-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ენერგოეფექტური ჩიპების დიზაინში კომპანიის გამოცდილებას და აღნიშნეს, რომ ახალი AGI CPU ბაზარზე „ყველაზე ეფექტური აგენტური CPU“ იქნება. Intel-ისა და AMD-ს უახლეს x86 ჩიპებთან შედარებით, Arm-ის მტკიცებით, ახალი ჩიპი თითოეულ ვატზე უკეთეს წარმადობას აჩვენებს, რამაც მომხმარებლებს ელექტროენერგიაზე მილიარდობით დოლარი შეიძლება დააზოგვინოს.
Arm-ის ახალი ჩიპის პირველი მსხვილი მომხმარებელი Meta-ა, რომელმაც უკვე მიიღო CPU-ს ნიმუშები. ჩიპის შეძენას ასევე გეგმავენ OpenAI, SAP, Cerebras, Cloudflare, SK Telecom და Rebellions. Arm ვარაუდობს, რომ AGI CPU „სრულად ხელმისაწვდომი“ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახდება.
წყარო: wired.com







