
მარტის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ Anthropic-მა შექმნა ახალი, მძლავრი Claude მოდელი, კომპანიამ სამშაბათს ოფიციალურად დააანონსა Mythos Preview. პარალელურად, შეიქმნა ინდუსტრიული კონსორციუმი Project Glasswing, რომელიც მიზნად ისახავს ახალი მოდელის კიბერუსაფრთხოების რისკებთან გამკლავებას და ზოგადად AI სფეროში მზარდი შესაძლებლობების მართვას.
ჯგუფში შედიან Microsoft, Apple, Google, Amazon Web Services, Linux Foundation, Cisco, Nvidia, Broadcom და 40-ზე მეტი სხვა ტექნოლოგიური, კიბერუსაფრთხოების და ფინანსური ორგანიზაცია. მათ ექნებათ ექსკლუზიური წვდომა მოდელზე, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოსულა. მთავარი იდეაა, წამყვანი პლატფორმების შემქმნელებს მიეცეთ დრო, გამოსცადონ Mythos Preview საკუთარ სისტემებზე, რათა აღმოაჩინონ და აღმოფხვრან მოწყვლადობები სიმულირებული შეტევების დახმარებით.
"მთავარი გზავნილი ისაა, რომ საქმე მხოლოდ მოდელს ან Anthropic-ს არ ეხება," ამბობს ლოგან გრეჰემი, კომპანიის Red Team-ის ხელმძღვანელი. "ჩვენ ახლავე უნდა მოვემზადოთ სამყაროსთვის, სადაც მსგავსი შესაძლებლობები 6-24 თვეში ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება. თანამედროვე უსაფრთხოების ბევრი პარადიგმა შესაძლოა დაიმსხვრეს."
მოდელები სულ უფრო უკეთ პოულობენ კოდში არსებულ ხარვეზებს და გვთავაზობენ მათი გადაჭრის ან ექსპლუატაციის გზებს. Claude Mythos Preview განსაკუთრებით დიდი ნახტომია. როგორც Anthropic-ის CEO-მ, დარიო ამოდეიმ აღნიშნა, მოდელი კონკრეტულად კიბერუსაფრთხოებისთვის არ შეუქმნიათ, თუმცა კოდის წერის მაღალი ხარისხის თანამდევი ეფექტი სწორედ კიბერშესაძლებლობები აღმოჩნდა.
Anthropic-მა აირჩია ეტაპობრივი რელიზის სტრატეგია მოწყვლადობების კოორდინირებული გამჟღავნების პრინციპებზე დაყრდნობით, რათა დეველოპერებს შეცდომების გამოსწორების დრო მისცეს მანამ, სანამ ისინი საჯარო გახდება. Mythos Preview-ს შეუძლია ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებსაც აქამდე მხოლოდ Senior უსაფრთხოების მკვლევარები უმკლავდებოდნენ.
Project Glasswing-ის პარტნიორები, მათ შორის კონკურენტებიც, მიესალმებიან ამ კოლაბორაციას. მოდელის გამოყენებამ უკვე გამოავლინა ათასობით კრიტიკული მოწყვლადობა, მათ შორის ათწლეულების წინანდელი შეცდომებიც, რომლებიც ყველაზე დაცულ კოდებშიც კი შეუმჩნეველი რჩებოდა. ინიციატივის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ინდუსტრია და დასვას სწორი კითხვები უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
წყარო: wired.com







