
Anthropic-ი მცირე კომპანიების მოზიდვას ცდილობს. ამ მიზნით, კომპანიამ Claude for Small Business-ის გაშვება დააანონსა — სერვისების ახალი პაკეტი, რომელიც შექმნილია მცირე ბიზნესებისთვის.
აქამდე AI-ის ყველაზე ინტენსიური დანერგვა კორპორატიულ დონეზე ხდებოდა. კვლევების თანახმად, AI სისტემების მასშტაბირებას ძირითადად დიდი ბიუჯეტის მქონე მსხვილი კომპანიები ახდენდნენ. თუმცა, ტენდენცია იცვლება და მცირე და საშუალო ბიზნესები ტექნოლოგიას სულ უფრო აქტიურად იყენებენ.
Anthropic-ის ახალი ფუნქციები სწორედ ამ სეგმენტზეა მორგებული. მათზე წვდომა Claude Cowork-შია შესაძლებელი — კომპანიის ამოცანების ავტომატიზაციის პლატფორმაში, რომელსაც ვების დათვალიერება, ფაილების მართვა და რთული სამუშაო პროცესების შესრულება შეუძლია. ფასიან მომხმარებლებს წვდომა ეძლევათ ისეთ ავტომატიზებულ სერვისებზე, როგორიცაა ბუღალტერია, ბიზნეს-ანალიტიკა და სარეკლამო კამპანიების გენერაციული ინსტრუმენტები.
ახალი პაკეტი ასევე მოიცავს Claude Cowork-ის ინტეგრაციას ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა QuickBooks, Canva, Docusign, HubSpot და PayPal.
„მცირე ბიზნესები აშშ-ის მშპ-ის 44%-ს შეადგენენ, თუმცა მათი AI ადაპტაცია მსხვილ კორპორაციებს ჩამორჩება. ინსტრუმენტები იშვიათადაა მორგებული მცირე ბიზნესის სპეციფიკაზე, რის გამოც მათი გამოყენება ხშირად მხოლოდ ჩატის ფანჯრით შემოიფარგლება“, — აცხადებენ კომპანიაში.
დამფუძნებლებისა და ინვესტორებისთვის ეს ნაბიჯი იმაზე მიანიშნებს, რომ AI პლატფორმების ომი მასობრივ ბაზარზე ინაცვლებს და მომხმარებლების მოსაზიდად ახალი მთავარი სამიზნე არა Fortune 500-ის კომპანიები, არამედ მილიონობით მცირე ბიზნესია.
აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი ოდნავ ჩამორჩება თავის მთავარ კონკურენტ OpenAI-ს, რომელმაც Enterprise ChatGPT 2023 წლის ბოლოს გამოუშვა, მცირე გუნდებისთვის განკუთვნილ ChatGPT Business-თან ერთად. სიახლეების პოპულარიზაციის მიზნით, Anthropic-ი პრომო ტურის ჩატარებას გეგმავს, სადაც მცირე ბიზნესის ლიდერებს უფასო AI ტრენინგებს შესთავაზებს.
წყარო: techcrunch.com







