Anthro Energy-ის ახალი ქარხანა: გზა solid-state ბატარეების მასშტაბური წარმოებისკენ

კომპანია Anthro Energy-მ ლუისვილში, კენტუკის შტატში, ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაში გარდამტეხი იქნება. ობიექტი წლიურად 25 გიგავატ-საათის სიმძლავრის ელექტროლიტების გამოშვებას შეძლებს, რაც 300 000-ზე მეტი ელექტრომობილისთვისაა საკმარისი.

პროექტის მთავარი მიზანი აშშ-ის ბაზრისთვის ჩინური მიწოდების ჯაჭვისგან დამოუკიდებელი, ადგილობრივი რესურსის შექმნაა. Anthro Energy-ის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, დევიდ მაკანიკის თქმით, ქარხანა, რომელიც 2028 წელს ამოქმედდება, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს — 12-საათიანი მგზავრობის რადიუსში აშშ-ის ბატარეების საწარმოო სიმძლავრეების 70%-ია თავმოყრილი.

ქარხნის მშენებლობა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის 24.9 მილიონი დოლარის გრანტითა და „ინფლაციის შემცირების აქტის“ ფარგლებში მიღებული საგადასახადო შეღავათებით ფინანსდება. საწარმო თავდაპირველად სხვადასხვა ტიპის ელექტროლიტებს გამოუშვებს, თუმცა სამომავლოდ აქცენტი კომპანიის საკუთარ პოლიმერულ პროდუქტზე, Proteus-ზე გადავა.

Proteus-ი solid-state და semi-solid-state ბატარეების განვითარების „წმინდა გრაალად“ მიიჩნევა. ტრადიციული ლითიუმ-იონური ბატარეებისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია ზრდის ენერგოეფექტურობას, ამცირებს ხანძრის რისკს და ხელს უშლის დენდრიტების წარმოქმნას, რაც მოკლე ჩართვებს იწვევს. Anthro-ს ინოვაციური მიდგომით, ელექტროლიტი უჯრედში თხევადი სახით შედის, შემდეგ კი მყარდება და ბატარეის კომპონენტებს ერთმანეთთან მყარად აკავშირებს.

მაკანიკის განცხადებით, ეს ტექნოლოგია ბატარეას 10-15-ჯერ უფრო მტკიცეს და მოქნილს ხდის, რაც მას არა მხოლოდ ელექტრომობილებისთვის, არამედ დრონებისა და რობოტექნიკისთვისაც იდეალურს ხდის. ფედერალური დაფინანსება კომპანიას საშუალებას მისცემს, წარმატებით გადალახოს „სიკვდილის ველი“ — ეტაპი, როდესაც სტარტაპები მცირე მასშტაბიდან დიდ წარმოებაზე გადადიან.

წყარო: techcrunch.com