
Amazon-მა და Nvidia-მ სტრატეგიული პარტნიორობა გააფართოვეს. კომპანიების განცხადებით, Amazon Web Services-ის (AWS) მონაცემთა ცენტრებს დამატებით 2 მილიონი Nvidia-ს GPU ჩიპი დაემატება. შეთანხმება მოიცავს უახლესი თაობის Blackwell Ultra, Rubin და Rubin Ultra პროცესორებს, რომლებიც 2027-2028 წლებში განთავსდება.
ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ მიიღეს, რაც Amazon-მა 1 მილიონი GPU-ს შეძენაზე განაცხადა. Nvidia-ს ფინანსური დირექტორის, კოლეტ კრესის თქმით, მოთხოვნა მოლოდინს მნიშვნელოვნად აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური დეტალები არ გასაჯაროებულა, ექსპერტები გარიგებას ათეულობით მილიარდ დოლარად აფასებენ.
პარტნიორობა მხოლოდ ჩიპების შესყიდვით არ შემოიფარგლება. Amazon-ი Nvidia-ს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, მათ შორის ქსელურ აპარატურას, CPU-ებს, მონაცემთა დამუშავების პროგრამულ უზრუნველყოფას და რობოტიკის პლატფორმებს (Omniverse, Isaac, Jetson) საკუთარ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას უკეთებს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ Amazon-ი პარალელურად საკუთარი AI ჩიპების, Trainium-ისა და Graviton-ის განვითარებასაც აქტიურად აგრძელებს.
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ ინდუსტრია ახალ ფაზაში შევიდა, სადაც AI რეალურ პროდუქტიულობასა და მოგებას ქმნის. კომპანიამ მეორე კვარტალში 96.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, საიდანაც 89 მილიარდი მხოლოდ მონაცემთა ცენტრებზე მოდის, რაც წლიურ ჭრილში 117%-იან ზრდას ნიშნავს.
წყარო: techcrunch.com






