Amazon-ის მონაცემთა ცენტრებზე ირანული თავდასხმების შედეგად მომხმარებელთა მონაცემები სამუდამოდ დაიკარგა

ირანული დრონების თავდასხმებიდან ნახევარი წლის შემდეგ, Amazon-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებული მომხმარებელთა გარკვეული მონაცემები სამუდამოდ განადგურდა. AWS-ის განახლებული ინფორმაციით, კომპანიამ ვერ შეძლო ომის შედეგად დაზიანებულ მონაცემთა ცენტრებში არსებული რესურსების აღდგენა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბაჰრეინის რეგიონშია, სადაც ინფრასტრუქტურული ზიანი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო წვდომის აღდგენა სამივე ხელმისაწვდომობის ზონაში (availability zones). AWS-ის განცხადებით, დაზიანებამ გადააჭარბა იმ ზღვარს, რისთვისაც მათი სერვისებია გათვლილი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონაცემთა დაკარგვა შეეხო ერთ კონკრეტულ ზონას (mec1-az2), ხოლო დანარჩენ ორ ზონაში აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. Amazon-მა ჯერ კიდევ მარტში, თავდასხმების დაწყებისთანავე, შეაჩერა მომხმარებლებისთვის გადასახადების დარიცხვა და მათ რესურსების სხვა რეგიონებში გადატანისკენ მოუწოდა. კომპანიამ დაზარალებულ კლიენტებს 150 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტებიც გამოუყო.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ი აგრძელებს ინფრასტრუქტურის აღდგენას, ბაჰრეინის რეგიონთან დაკავშირებით კომპანია მხოლოდ 2027 წლის დასაწყისისთვის გეგმავს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გეოპოლიტიკური კონფლიქტების დროს ღრუბლოვანი სერვისების დაუცველობას და ბიზნესის უწყვეტობის გეგმების გადახედვის აუცილებლობას.

წყარო: wired.com