Amazon-ის cloud ბიზნესი და მისი კაპიტალური დანახარჯები მკვეთრად იზრდება

ოთხშაბათს Amazon გახდა ერთ-ერთი იმ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, რომელმაც Wall Street-ის პირველი კვარტლის მოლოდინებს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთი ფინანსური მტკიცებულებაა იმისა, რომ AI ბუმი განაგრძობს იმ კომპანიების დაჯილდოებას, რომლებიც ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ.

Amazon-ის cloud ბიზნესი ამის უახლესი მაგალითია. AI ბუმის ფონზე, Amazon Web Services (AWS)-ის წმინდა გაყიდვები წლიურად 28%-ით გაიზარდა და 37.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის პრეზიდენტისა და CEO-ს, Andy Jassy-ს განცხადებით, ეს AWS-ისთვის ბოლო 15 კვარტლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ზრდაა.

„ძალიან უჩვეულოა ბიზნესის ასეთი სწრაფი ზრდა ამხელა ბაზაზე. ჩვენ არასდროს გვინახავს ტექნოლოგიის ისეთი სწრაფი ზრდა, როგორც AI. Amazon უკვე ლიდერია და კომპანიები კვლავ ირჩევენ AWS-ს AI-სთვის“, - აღნიშნა Jassy-მ.

ზრდის მასშტაბების შესაფასებლად მან აღნიშნა, რომ AWS-ის გაშვებიდან სამი წლის შემდეგ მისი წლიური შემოსავალი 58 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო AI ტალღის პირველ სამ წელიწადში AWS-ის AI შემოსავალი 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს — ეს თითქმის 260-ჯერ მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ cloud ბიზნესში დიდი თანხები შეედინება, Amazon ასევე მნიშვნელოვნად ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. „რაც უფრო სწრაფად იზრდება AWS, მით მეტ მოკლევადიან კაპიტალურ დანახარჯს (capex) გავწევთ. AWS-მა წინასწარ უნდა დახარჯოს ფული მიწაზე, ენერგიაზე, შენობებზე, ჩიპებზე, სერვერებზე და ქსელურ აღჭურვილობაზე, სანამ ამის მონეტიზაციას შევძლებთ“, - განაცხადა Jassy-მ.

Jassy ამ ინვესტიციებს გრძელვადიანი შედეგის მომტან მოკლევადიან ხარჯებად განიხილავს. კომპანიის პირველი კვარტლის ანგარიში ნათლად ასახავს თავისუფალი ფულადი ნაკადების (free cash flow) შემცირებას. ბოლო 12 თვეში ის 1.2 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც ძირითადად ქონებისა და აღჭურვილობის შესყიდვების მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული — მათი დიდი ნაწილი პირდაპირ კავშირშია AI-სთან.

საერთო ჯამში, კომპანიის სრული გაყიდვები წლიურად 17%-ით გაიზარდა და 181.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

წყარო: techcrunch.com