Amazon AWS-ის ბილინგის სისტემაში არსებულ ხარვეზს ასწორებს, რომელმაც მომხმარებლებს მილიარდები „დაარიცხა“

Amazon-ის ღრუბლოვანი სერვისების (AWS) ზოგიერთმა მომხმარებელმა პარასკევს დილით მოულოდნელი შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მათ მილიარდობით დოლარის დავალიანება დაუგროვდათ ისეთი სერვისებისთვის, რომლებიც არასდროს გამოუყენებიათ.

კომპანიამ დაადასტურა, რომ AWS-ის ბილინგის პორტალში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. Amazon-ის განცხადებით, არაზუსტი მონაცემები ხუთშაბათს გვიან ღამით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ცვლილებების უკან დაბრუნება სცადა, პრობლემა თავდაპირველად ვერ აღმოიფხვრა. ხარვეზი უშუალოდ ბილინგის გამოთვლის ქვესისტემას უკავშირდება.

მომხმარებლებისთვის, რომლებმაც მილიარდობით დოლარის შესახებ შეტყობინებები მიიღეს, კარგი ამბავი ისაა, რომ ეს ციფრები რეალურ მოხმარებას არ ასახავს და მათ გადახდა არ მოუწევთ. Reddit-ზე გავრცელებული სკრინშოტების მიხედვით, ერთ-ერთ მომხმარებელს მიმდინარე თვისთვის 2.5 მილიარდი დოლარის გადასახადი „დაერიცხა“, სხვებს კი — რამდენიმე მილიონიდან ასობით მილიონამდე.

Amazon-ის პრესსპიკერმა აიშა ჯონსონმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ სტატუსის გვერდზე მითითებული ინფორმაციით შემოიფარგლა. ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვია თუ არა ამ ხარვეზმა რომელიმე ანგარიშის დროებით შეჩერება.

წყარო: techcrunch.com