
დევიდ სილვერმა მსოფლიოს სუპერინტელექტის პირველი ნაპერწკალი 2016 წელს, Google DeepMind-ში შექმნილი AlphaGo-ს სახით აჩვენა.
მას შემდეგ სილვერმა საკუთარი კომპანია, Ineffable Intelligence დააარსა, რომლის მიზანიც AI სუპერინტელექტის შექმნაა. კომპანია ამას reinforcement learning-ის მეშვეობით გეგმავს, სადაც AI მოდელები ახალ უნარებს ცდისა და შეცდომის მეთოდით სწავლობენ. მიზანი ისეთი "სუპერსწავლულების" შექმნაა, რომლებიც ადამიანურ ინტელექტს ბევრ სფეროში გადააჭარბებენ.
ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება სხვა AI კომპანიების ხედვისგან, რომლებიც სუპერინტელექტის აგებას LLM-ების (დიდი ენობრივი მოდელების) ბაზაზე ცდილობენ. სილვერის აზრით, ეს მიდგომა წარუმატებელი იქნება, რადგან LLM-ები ადამიანურ ინტელექტზე სწავლობენ და არა საკუთარზე.
"ადამიანების მიერ გენერირებული მონაცემები წიაღისეულ საწვავს ჰგავს. სისტემები, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლობენ, განახლებადი ენერგიის წყაროა — მათ შეუძლიათ შეუფერხებლად, უსასრულოდ სწავლა", - აღნიშნავს სილვერი.
$1.1-მილიარდიანი სტარტაპი და უმაღლესი მისია
Ineffable Intelligence-მა უკვე მოიზიდა $1.1 მილიარდი seed დაფინანსების ეტაპზე, კომპანიის შეფასებამ კი $5.1 მილიარდს მიაღწია. სილვერი აცხადებს, რომ კომპანიიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს (რაც შესაძლოა მილიარდებს შეადგენდეს) ქველმოქმედებას მოახმარს.
LLM-ების ლიმიტაციების საილუსტრაციოდ სილვერს მარტივი მაგალითი მოჰყავს: წარსულში LLM რომ დაგებრუნებინათ, როცა ყველას დედამიწა ბრტყელი ეგონა, სისტემა ბრტყელი დედამიწის იდეის აქტიური მხარდამჭერი დარჩებოდა, რადგან რეალურ სამყაროსთან ინტერაქცია არ შეეძლო. დამოუკიდებლად მესწავლე AI სისტემას კი საკუთარი სამეცნიერო აღმოჩენების გაკეთება შეეძლება.
სიმულაციები და უსაფრთხოება
კომპანია გეგმავს AI აგენტები სპეციალურ სიმულაციებში მოათავსოს, სადაც ისინი მიზნების მიღწევას და ერთმანეთთან თანამშრომლობას ისწავლიან. Sequoia Capital-ისა და Lightspeed Ventures-ის პარტნიორები სილვერის მიდგომას იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი AI-ის ადამიანურ ფასეულობებთან შესაბამისობაში მოყვანის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა.
"წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, რომელსაც შეგვიძლია შევეჭიდოთ", - ამბობს სილვერი.
წყარო: wired.com







