Airbnb AI-ს დახმარებით პროდუქტის განვითარებას 60%-ით აჩქარებს

Airbnb აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს შიდა პროცესების ოპტიმიზაციისა და ახალი ფუნქციების დანერგვისთვის. კომპანიის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, Brian Chesky-ს განცხადებით, AI-ის ინტეგრაციამ პროდუქტის კონცეფციიდან გაშვებამდე საჭირო დრო 60%-ით შეამცირა, ხოლო განახლებების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 80%-ით გაზარდა.

კომპანია AI-ს იყენებს ისეთ კრიტიკულ მიმართულებებში, როგორიცაა ძიება, რეგისტრაცია, გადახდები და მასპინძლებისთვის განკუთვნილი ონბორდინგის პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლისთვის განკუთვნილი AI-ინტერფეისების დანერგვა შედარებით ფრთხილი ტემპით მიმდინარეობს, Airbnb იწყებს AI-ზე დაფუძნებული ძიების ტესტირებას. ახალი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ბუნებრივი ენით დასმული კითხვებით მიიღოს ვიზუალურად ადაპტირებული შედეგები.

მნიშვნელოვანი პროგრესია მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისშიც: AI-ბოტის დანერგვის შედეგად, მოთხოვნების 45% ადამიანური ჩარევის გარეშე სრულდება, რამაც ჯავშანზე გათვლილი მხარდაჭერის ხარჯები 16%-ით შეამცირა. ფინანსური მაჩვენებლები პოზიტიურია: Airbnb-ის შემოსავალი წლიურად 17%-ით გაიზარდა და 3.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო EBITDA-მ 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

წყარო: techcrunch.com