AI ჩიპების სტარტაპმა Rebellions pre-IPO რაუნდში 400 მილიონი დოლარი მოიზიდა და 2.3 მილიარდ დოლარად შეფასდა

სამხრეთ კორეულმა AI ჩიპების სტარტაპმა Rebellions-მა წარმატებული Series C რაუნდის შემდეგ დამატებით 400 მილიონი დოლარი მოიზიდა.

ეს უახლესი დაფინანსება, რომელიც კომპანიის დაგეგმილ IPO-მდე განხორციელდა, Mirae Asset Financial Group-ისა და Korea National Growth Fund-ის ლიდერობით შედგა. პარალელურად, კომპანია აგრესიულ გლობალურ ექსპანსიას იწყებს, რაც მოიცავს როგორც აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის ბაზრებს.

2020 წელს დაფუძნებული Rebellions AI ჩიპების შემუშავებასა და დიზაინზე მუშაობს. სტარტაპის ჩიპები გათვლილია inference-ზე — გამოთვლით პროცესზე, რომელიც AI მოდელებს მომხმარებელთა მოთხოვნებზე პასუხის გაცემაში ეხმარება. LLM-ების განვითარებასა და კომერციალიზაციასთან ერთად, ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.

დღეის მდგომარეობით, სტარტაპის ჯამური მოზიდული კაპიტალი 850 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 650 მილიონი ბოლო ექვს თვეში მოიზიდეს. კომპანიის შეფასება დაახლოებით 2.34 მილიარდ დოლარს აღწევს. დაფინანსებასთან ერთად, Rebellions-მა წარადგინა ორი ახალი პროდუქტი: RebelRack და RebelPOD, რომლებიც AI ინფრასტრუქტურულ პლატფორმებს წარმოადგენს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და CEO, სუნგჰიუნ პარკი აღნიშნავს: „AI-ის წარმატება ახლა იზომება მისი რეალურ სამყაროში მასშტაბირების, ენერგოეფექტურობისა და ეკონომიკური ამონაგების მიხედვით. ეს ყველაფერი ყურადღების ცენტრს სწორედ inference ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისკენ გადაიტანს.“

Rebellions არის იმ ახალი თაობის ჩიპების სტარტაპებს შორის, რომლებიც Nvidia-ს დომინანტური პოზიციის შეცვლას ცდილობენ. ბაზარზე კონკურენცია იზრდება, რადგან საკუთარი ჩიპების წარმოებას იწყებენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებიც, როგორებიცაა AWS, Meta და Google.

წყარო: techcrunch.com