
წლევანდელ GDC (Game Developers Conference) ფესტივალზე AI ყველგან იყო. ვენდორები აქტიურად სთავაზობდნენ Generative AI ინსტრუმენტებს AI-ზე დაფუძნებული NPC-ების და მთლიანი თამაშების შესაქმნელადაც კი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო Tencent-ის AI ხელსაწყოებით გენერირებული სამყაროები, Razer-ის AI ასისტენტი QA-სთვის (ხარისხის უზრუნველყოფა) და Google DeepMind-ის პრეზენტაციები სათამაშო AI-სივრცეების შესახებ.
თუმცა, იყო ერთი მთავარი ადგილი, სადაც AI არ ჩანდა: თავად თამაშები. დეველოპერების უმეტესობა, ვისაც კონფერენციაზე ვესაუბრე, მკაცრად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ პროექტებში AI-ის გამოყენების იდეას. "ვფიქრობ, ადამიანის გონება იმდენად ლამაზია, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის?" — აღნიშნა The Melty Way-ის დეველოპერმა, გაბრიელ პაკეტმა.
ეს საერთო ტენდენცია აღმოჩნდა. ძირითადად ინდი დეველოპერები უარყოფენ ტექნოლოგიას, რადგან ის დეველოპმენტის პროცესში ადამიანურ ელემენტს კლავს. GDC-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვით, რესპონდენტთა 52% მიიჩნევს, რომ გენერაციულ AI-ს გეიმინგ ინდუსტრიაზე უარყოფითი გავლენა აქვს. ბევრი სტუდია უკვე ხაზს უსვამს, რომ მათი თამაშები "AI free"-ა.
"აბსოლუტურად არა"
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ამას ინდუსტრიის უდიდეს ტრანსფორმაციად მიიჩნევენ, უშუალოდ თამაშების შემქმნელებისთვის საუბრის თემა სხვაგვარია. სტუდია Finji-ს დამფუძნებლები, ადამ და რებეკა სალტსმანები აღნიშნავენ, რომ მათი ნამუშევრები ადამიანური ხარისხით და მოულოდნელობის ელემენტით ხასიათდება. კითხვაზე, გამოიყენებდნენ თუ არა გენერაციულ AI-ს, მათი პასუხი იყო: "აბსოლუტურად არა".
ბევრი დეველოპერის აზრით, AI-ით შექმნილ თამაშებს არ აქვს ადამიანური შეხება, მომხმარებელი მასთან კავშირს ვერ ამყარებს და ხშირად "იაფფასიანად" გამოიყურება. ამას ემატება იურიდიული პრობლემები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, რის გამოც ფაბლიშერები (მაგალითად, Panic და BigMode) უარს ამბობენ ისეთი პროდუქტების გამოქვეყნებაზე, რომლებშიც გენერაციული AI არის გამოყენებული.
მთავარი საზრუნავი ისაა, რომ AI ტექნოლოგიების მასობრივი დანერგვა კლავს ვიდეო თამაშების შექმნის პროცესს და ზღუდავს მომავალი ტალანტების შემოსვლას ინდუსტრიაში. "ჩვენ ადამიანურ ისტორიებს ვყვებით," ამბობს რებეკა. მართალია, მომავალში შესაძლოა AI ინსტრუმენტებმა თავისი ნიშა იპოვოს, თუმცა დღეს დეველოპერებს 100%-ით ხელით შექმნილი სამუშაოს შესრულება ურჩევნიათ.
წყარო: theverge.com



