უდიდესი ორბიტალური გამოთვლითი კლასტერი ბიზნესისთვის უკვე ღიაა

კოსმოსურ მონაცემთა ცენტრებთან (data centers) დაკავშირებული დიდი მოლოდინების მიუხედავად, ორბიტაზე GPU-ების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა. თუმცა, ეს რეალობა იცვლება და ორბიტალური გამოთვლების ბიზნესი კონკრეტულ ფორმას იღებს.

ამჟამად ორბიტაზე არსებული ყველაზე დიდი გამოთვლითი კლასტერი იანვარში კანადურმა Kepler Communications-მა გაუშვა. ის 10 მოქმედ თანამგზავრზე განთავსებულ 40 Nvidia Orin edge პროცესორს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან ლაზერული კომუნიკაციითაა დაკავშირებული.

კომპანიას უკვე 18 მომხმარებელი ჰყავს. მათ ახლახან დაემატა startup-ი Sophia Space, რომელიც თავისი უნიკალური ორბიტალური კომპიუტერისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას Kepler-ის თანამგზავრებზე გატესტავს.

ექსპერტების ვარაუდით, SpaceX-ისა და Blue Origin-ის მიერ ჩაფიქრებულ მასშტაბურ data center-ებს 2030-იან წლებამდე ვერ ვიხილავთ. მანამდე ინდუსტრიის მთავარი ფოკუსი ორბიტაზე შეგროვებული მონაცემების ადგილზევე დამუშავებაზე (edge processing) იქნება. Kepler-ის CEO, Mina Mitry აღნიშნავს, რომ კომპანია თავს არა მონაცემთა ცენტრად, არამედ კოსმოსური აპლიკაციების ინფრასტრუქტურად პოზიციონირებს.

თავის მხრივ, Sophia პასიური გაგრილების მქონე კოსმოსურ კომპიუტერებს ავითარებს, რაც ორბიტალური მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას — მძლავრი პროცესორების გადახურებას, მძიმე და ძვირადღირებული აქტიური გაგრილების სისტემების გარეშე აგვარებს.

პარტნიორობის ფარგლებში, Sophia საკუთარ ოპერაციულ სისტემას Kepler-ის თანამგზავრზე ატვირთავს და ორ კოსმოსურ აპარატზე განაწილებულ ექვს GPU-ზე მის კონფიგურირებას შეეცდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ღონისძიება ორბიტაზე განხორციელდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2027 წელს Sophia-ს საკუთარი თანამგზავრის გაშვებამდე.

კოსმოსური edge processing — მონაცემების ადგილზე დამუშავება უფრო სწრაფი რეაგირებისთვის — არის ის სფერო, სადაც ორბიტალური მონაცემთა ცენტრები საწყის ეტაპზე ყველაზე დიდ ღირებულებას შექმნიან. Mitry-ის თქმით, ეს ინდუსტრია უფრო მეტად AI inference-ზე იქნება ფოკუსირებული, ვიდრე training-ზე. ამიტომ, უმჯობესია მრავალი განაწილებული GPU-ს გამოყენება, ვიდრე ერთი სუპერკომპიუტერის.

Sophia-ს CEO-ს, Rob DeMillo-ს თქმით, დედამიწაზე მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე მზარდი რეგულაციებისა და შეზღუდვების ფონზე, კოსმოსური ალტერნატივები ბიზნესისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

წყარო: techcrunch.com