სანქცირებული ჩინური AI კომპანია SenseTime-ი გამოსახულების ახალ, სწრაფ მოდელს უშვებს

ჩინურმა AI კომპანია SenseTime-მა, რომელიც ცნობილია სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით, ახალი open source მოდელი გამოუშვა. კომპანიის მტკიცებით, მას გამოსახულების გენერირება და ინტერპრეტაცია ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე აშშ-ის კონკურენტების მიერ შექმნილ მოწინავე მოდელებს. SenseNova U1 კომპანიას დაეხმარება დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები ჩინეთის AI განვითარების რბოლაში.

მოდელის მთავარი უპირატესობაა გამოსახულებების "წაკითხვის" უნარი მათი წინასწარი ტექსტად გადათარგმნის გარეშე. ეს აჩქარებს პროცესს და ამცირებს საჭირო გამოთვლით სიმძლავრეს. "მოდელის მსჯელობის პროცესი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტით, მას გამოსახულებებით მსჯელობაც შეუძლია," აღნიშნავს SenseTime-ის თანადამფუძნებელი და მთავარი მეცნიერი დახუა ლინი.

მისი თქმით, მოდელები, რომლებიც გამოსახულებებს პირდაპირ ამუშავებენ, მომავალში რობოტებს ფიზიკური სამყაროს უკეთ აღქმაში დაეხმარება.

DeepSeek-ის მსგავსად, U1-ის მუშაობა ჩინური წარმოების ჩიპებზეც შესაძლებელია. გამოშვების დღეს, ჩინეთის 10-მა ჩიპების დიზაინერმა, მათ შორის Cambricon-მა და Biren Technology-მ, განაცხადეს, რომ მათი აპარატურა მხარს უჭერს U1-ს. ეს მოქნილობა მნიშვნელოვანია აშშ-ის საექსპორტო კონტროლის ფონზე, რომელიც ზღუდავს ჩინური ფირმების წვდომას მოწინავე AI ჩიპებზე, ძირითადად Nvidia-ს პროდუქტებზე.

SenseTime-მა U1 უფასოდ განათავსა Hugging Face-სა და GitHub-ზე, რაც ხაზს უსვამს ჩინური კომპანიების აქტიურობას open source AI-ში. 2014 წელს დაარსებული SenseTime computer vision-ის ლიდერი იყო, თუმცა ChatGPT-ისა და სხვა NLP სისტემების პოპულარობის ზრდასთან ერთად, მან პოზიციები დათმო. კომპანია იმედოვნებს, რომ open source მიდგომა დაეხმარება მას კონკურენტუნარიანობის დაბრუნებაში, რადგან მკვლევარების უკუკავშირი იძლევა სწრაფი იტერაციის საშუალებას.

open source-ზე გადასვლა ასევე ეხმარება კომპანიას საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელებაში გეოპოლიტიკური წინაღობების მიუხედავად. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობამ SenseTime-ს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში უიღურების მონიტორინგის სისტემებში მონაწილეობის ბრალდებით, რასაც კომპანია უარყოფს.

SenseTime-ის მტკიცებით, SenseNova-U1 უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებებს აგენერირებს, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა open source მოდელები და კონკურენციას უწევს ჩინურ closed source მოდელებსაც, როგორიცაა Alibaba-ს Qwen და ByteDance-ის Seedream. მისი მთავარი უპირატესობაა გენერირების სისწრაფე, რაც ინოვაციური ტექნიკური სტრუქტურის - NEO-Unify-ის დამსახურებაა.

ახალი არქიტექტურის წყალობით, მოდელი საკმარისად მცირეა კომპიუტერებსა და ტელეფონებზე სამუშაოდ. დახუა ლინი იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგია რობოტიკაშიც დიდ როლს ითამაშებს, სადაც რობოტებს რთულ გარემოში სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ამჟამად ჩინეთში ჰუმანოიდი რობოტების ბუმია და SenseTime აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპ ACE Robotics-თან ამ მიმართულებით.

წყარო: wired.com