
სამართალდამცავ უწყებათა საერთაშორისო კოალიციამ განაცხადა, რომ მათ გათიშეს კიბერკრიმინალებს შორის პოპულარული VPN სერვისი და დააკავეს მისი ადმინისტრატორი. FBI-ის განცხადებით, First VPN იმდენად პოპულარული იყო, რომ მას „სულ მცირე“ 25 ransomware (გამომძალველი) დაჯგუფება იყენებდა თავისი ბოროტმოქმედების დასამალად.
კიბერკრიმინალები ამ VPN-ს იყენებდნენ ინტერნეტის სკანირებისთვის, ბოტნეტების სამართავად, DDoS შეტევებისა და სხვადასხვა თაღლითური სქემებისთვის. ბიუროს ინფორმაციით, First VPN-ის სერვერები 27 ქვეყანაში იყო განთავსებული. Europol-ის ცნობით, სერვისი ჰაკერებს სთავაზობდა ანონიმურ კავშირებს, ფარულ გადახდებსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც სპეციალურად კრიმინალური მიზნებისთვის იყო შექმნილი.
„First VPN ღრმად იყო ინტეგრირებული კიბერკრიმინალურ ეკოსისტემაში და ბოლო წლებში Europol-ის მიერ მხარდაჭერილ თითქმის ყველა მსხვილ გამოძიებაში ფიგურირებდა,“ — ნათქვამია განცხადებაში. სერვისი აქტიურად რეკლამირდებოდა რუსულენოვან ჰაკერულ ფორუმებზე და მომხმარებლებს სრულ ანონიმურობას ჰპირდებოდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
Europol-ის თანახმად, First VPN-ის მომხმარებლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება სერვისის დახურვის შესახებ. გამომძიებლებმა მოიპოვეს სერვისის მონაცემთა ბაზა და მოახდინეს ათასობით მომხმარებლის იდენტიფიცირება. 2021 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სერვისის ადმინისტრატორი დაკავებულია, ხოლო ათობით სერვერი და ინფრასტრუქტურა — განადგურებული.
წყარო: techcrunch.com







